რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი: „ვინ არის დამარცხებული და ვინ – გამარჯვებული, ეს დრომ გვაჩვენა“

1ilia-qadagebaთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. „ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული. წმიდა გიორგი ყველა ადამიანს ეხმარება გაჭირვების ჟამს. ჩვენ წინაშეა ორი პიროვნება – წმიდა გიორგი და მისი მტანჯველი დიოკლიტიანე. ერთი თითქოს გამარჯვებული, მეორე – დამარცხებული. ვინ არის დამარცხებული და ვინ – გამარჯვებული, ეს დრომ გვაჩვენა. ჩვენ ვიხილეთ, რომ წმიდა გიორგიმ სულიერად დაამარცხა დიოკლიტიანე, ამიტომაცაა, რომ სპეციალურად მოხატულია ხატი, სადაც წმიდა გიორგი შუბით გმირავს დიოკლიტიანეს", – ბრძანა საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ.

მისივე განმარტებით, ვისაც ჰგონია, რომ გამარჯვებულია, სინამდვილეში დამარცხებულია, ვისაც დამარცხებული ჰგონია თავი, სინამდვილეში ის შესაძლოა, გამარჯვებული იყოს. „ყველა ადამიანის უპირველესი იმედი უნდა იყოს უფალი. როდესაც წმიდა გიორგი აწამეს და შეაგდეს საკანში და როცა ეგონა, რომ ყველასგან მიტოვებული იყო, ამ დროს მოესმა მას ხმა უფლისა იესო ქრისტესი: „გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“. ასევეა ყველა გაჭირვებული ადამიანი, ასევეა საქართველო. საქართველოს ესმის დღეს ხმა: საქართველოვ, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა გიორგის ლოცვით გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა“, – ბრძანა უწმიდესმა.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურებას რიგითი მოქალაქეების გარდა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ლევან ვასაძე და სოსო ფხაკაძე.