თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცნობებს, საქართველოს მოქალაქეები, ქალაქ ქუთაისში მცხოვრები ლევან, ანზორ და მანანა ახვლედიანები ბანკ „ქართუსგან“ კუთვნილ საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებას, გადაცემას და თავისუფალ განკარგვას მოითხოვენ, აღნიშნული მოთხოვნა კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით არის ნაკარნახევი.
ოჯახი დღემდე უშედეგოდ ცდილობს სამართლიანობის აღდგენას და სასამართლოს მიერ მიღებული სააღსრულებო ფურცლის შესრულებას.
1998 წლის ბანკ „აბსოლუტსა“ და შპს „იმერეთ პლუსს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა ახლედიანების კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური, 2001 წელს ბანკი „აბსოლუტის“ მფლობელი გახდა ბანკი „ქართუ“, რომელსაც კანონიერად წარმოეშვა წინარე სასესხო ხელშეკრულების მიმართ მოთხოვნის დათმობის უფლება.ამ ვითარებას წინ უძღოდა ახლედიანების ოჯახის ტრაგედია. სისხლიანი გარჩევის მიზეზი აღნიშნული კრედიტი იყო. ოჯახის ვარაუდით, შპს „იმერეთ პლუსთან“ კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს ავტორიტეტს ბონდო შალიკიანს, რომელმაც, სავარაუდოდ, აღნიშნული ვენდეტა დაგეგმა.
ბანკი „ქართუ“ შპს „იმერეთ პლუსთან“ უთანხმოების გამო დავას სასამართლოს წესით აგრძელებს, თუმცა სასამართლო მხარეთა შორის მორიგების აქტით მთავრდება.
შემდგომ საქმეში ბანკი „ქართუს“ ზოგიერთი თანამშრომლის უშუალო ხელშეწყობით ერთვება მთავარი პროკურატურა. სასამართლოში ახვლედიანების ოჯახის საქმის განხილვის პროცესში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ბანკის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ მუქარის ზარებს. ახვლედიანების ოჯახს ემუქრებოდნენ საკუთრების წართმევით და საფუძვლად მოჰყავდათ, რომ ქონებას აუცილებლად დაათმობინებდნენ პროკურატურის ზემოქმედებით. ადამიანები, რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტ ბონდო შალიკიანთან ურთიერთობდნენ, დღემდე ბანკის წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ. ახვლედიანების ოჯახს მიაჩნია, რომ მათი საკითხი წარმოადგენს ცალსახად სამართლებრივ დავას და მედიის მხრიდან გაშუქების პროცესში აქცენტი არ უნდა გაკეთდეს პოლიტიკურ კონტექსტთან, რაიმე ფორმით გამოყენებულ იქნეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან. „ოჯახის მოწოდებით, სწორედ ამ მოტივაციით იყო ნაკარნახევი ჩემი არაერთი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებთან, ბოლოს, 2012 წლის იანვარში ბანკის ახალ პრეზიდენტ ბატონ ნოდარ ჯავახიშვილთან, რომელსაც მივუთითე ბანკში კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში მყოფ თანამშრომლებზე, მათ თანამონაწილოებაზე საქმის პროცესში და ვთხოვე პრობლემა გადაჭრილიყო ახალი სამართლებრივი დავისა და მედიისთვის შეუტყობინებლად, თუმცა ბანკის პირველი პირის პოზიცია იყო, „ის ვერ იქექებოდა საქმის ირგვლივ წარსულში შემოსულ დოკუმენტაციებში და თუკი რაიმე პრეტენზია არსებობდა, ახალი წერილით მეცნობებინა.“ ამ შეხვედრის შემდეგაც, ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წარმომადგენლებთან ისევ შედგა შეხვედრა, თუმცა საკითხს შეგნებულად მსვლელობა არ ეძლევა“, – ნათქვამია ადვოკატ გიორგი ფოფხაძის გზავნილში.