მწერალმა იგორ ობოლენსკიმ თბილისში „ფიროსმანის ზღაპრები“ წარადგინა
თბილისი, 7 მაისი,
საქინფორმი. „რია ნოვოსტის“თბილისის საერთაშორისო ცენტრში გასულ პარასკევს გაიმართა პრესკონფერენცია „ფიროსმანის ზღაპრები“ – წიგნში და სცენაზე“, რომელიც ჟურნალისტისა და მწერლის
იგორ ობოლენსკის წიგნის პრეზენტაციას მიეძღვნა. 2012 წელს დიდი ქართველი მხატვარი-პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წელი სრულდება. იუბილეს აღსანიშნავად საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსულმა კლუბმა“ იგორ ობოლენსკის „ფიროსმანის ზღაპრები“ გამოსცა. 4 მაისს გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, თეატრ-სტუდია „ოქროს ზღურბლში“, ამ წიგნის მოტივებზე დადგმული ინსცენირების პრემიერა გაიმართა. „დღეს სამმაგი დაბადების დღეა – წიგნის, სპექტაკლის და, სავსებით შესაძლებელია, ფიროსმანის დაბადების დღე (მხატვრის დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის). დღეს არის, აგრეთვე, ნიკო ფიროსმანის, როგორც ილუსტრატორის დაბადების დღე“, – განაცხადა ობოლენსკიმ. მან გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ „ფიროსმანის ნახატები არავის გამოუყენებია ილუსტრაციებად“. „ქართული მითები, ლეგენდები, თქმულებები პატარა მკითხველებისთვის არის ადაპტირებული. მაგრამ ეს წიგნი არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მათთვისაც არის განკუთვნილი, ვისაც ქართული ტრადიციების გაცნობა სურს“, – აღნიშნა ობოლენსკიმ.
საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ „ფიროსმანის რეპროდუქციების ფონზე მუშაობა რთული და უჩვეულო იყო“. „ჩვენ ყველანი – მოზრდილებიც და ნორჩი მსახიობებიც – სიხარულით, სიყვარულითა და დიდი ინტერესით ვმუშაობდით ინსცენირებაზე“, – თქვა მან. „ეს კაშკაშა მუსიკალური სპექტაკლია. ჩვენ მოგვწონს ჩვენი მუშაობის შედეგი, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მაყურებელი განსჯის“, – აღნიშნა დადგმის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა თენგიზ ჯაიანმა.