სამართალი
გულუა: „12 მაისს ლტოლვილთა შეკრება მაინც გაიმართება“

1gulua-bezhenciთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. როგორც პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ატყობინებს, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად,12 მაისს ლტოლვილთა შეკრება მაინც გაიმართება. ამის შესახებ პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ განაცხადა.
„ეს იქნება შეკრება, სადაც ლტოლვილები წამოაყენებენ თავიანთ პრობლემებს, შეაფასებენ იმ ყოფას, რა ყოფაშიც უწევდათ ამ 20 წლის განმავლობაში ცხოვრება. ასევე, მისი თქმით, მოხდება დევნილების საკოორდინაციო საბჭოს არჩევა. საბჭო გარკვეული თვითმმართველობის ორგანო იქნება დევნილებისათვის, რათა თვითონ გადაწყვიტონ ბევრი ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, როგორც სოციალური და ეკონომიკური, ისე – პოლიტიკური თვალსაზრისით. დევნილების პრობლემები მარტო მათი პრობლემები არ არის, ეს მთელი საქართველოს პრობლემებია. სწორედ ამიტომ ამ აქციაზე მხოლოდ დევნილები არ იქნებიან და არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, ჩვენ შემოგვიერთდება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩემი აზრით, შეიკრიბება 50 000-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ, დევნილები, დაგვივიწყა საქართველოს ხელისუფლებამ”, – განაცხადა მინდია გულუამ.

მისივე თქმით, ამ აქციაზე დაზუსტდება ინფორმაცია “დევნილთა საერთაშორისო ფონდის” შესახებ, რომლის ანგარიშზე თავად გულუა მილიონ დოლარს განათავსებს. მისივე თქმით, ფონდში მასთან ერთად აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი ჩარიცხავს თანხას, შემოწირული თანხა კი მოხმარდება დევნილებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
პარტიის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა ჩარკვიანის განმარტებით, “დევნილთა საერთაშორისო ფონდის” მთავარი ოფისი, სავარაუდოდ, შვეიცარიაში განთავსდება, რათა მათ მიერ დაარსებული ფონდის ანგარიშები ხელისუფლებამ არ დააყადაღოს.

 

სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ დევნილებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნეს ადგილობრივი კუდ-ის(კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თანამშრომლებმა, რომლემაც მიკროავტობუსებიდან და მანქანებიდან იძულებით გადმოსვეს მარტვილიდან, სენაკიდან, ხობიდან და აბაშიდან მომავალი დევნილები. პარტია “განახლებული საქართველოს” რეგიონული სამსახურის მეთაურ ლაშა გვასალიას ინფორმაციით, განსაკუთერებით აქტიურობდა ხობის კუდ-ის უფროსი დიმა ჭაკუა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს დავით ჭაკუას ძმაა.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დევნილებმა მაინც შეძლეს დანიშნულების ადგილზე მისვლა და შეხვედრაში მონაწილეობა. დევნილებს სკაიპ-კონფერენციის რეჟიმში მიესალმა პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა, რომელმაც ერთსულოვნებისა და თანადგომისაკენ მოუწოდა დევნილ მოსახლეობას.