აქტუალური
თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელება დაიწყო და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღადგინა.
ამასთან, გაკონტროლდება რუსთაველის გამზირზე მოძრავი ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, რომლებშიც ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა არაუმეტეს 5 კაცისა განისაზღვრება.„მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილების თავიდან აცილებას“, – განაცხადეს მერიაში.
უახლოეს მომავალში სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას დაიწყებს ჭავჭავაძის გამზირზეც, რაც, როგორც მერიაში მიიჩნევენ, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.