პოლიტიკა
სააკაშვილმა მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

1jildooooთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტმა გორში პოლიციის აღლუმზე მერაბიშვილის დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, ძალოვან მინისტრს წინ კიდევ დიდი გზა აქვს.

„მას კიდევ დიდი გზა აქვს წინ და არ მინდა, ზედმეტი ქება შევასხა. ბევრი გამოცდაა წინ და თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ღირსია, იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუთხრათ ადამიანს მადლობა უკვე გაწეული, ძალიან დიდი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვანო მერაბიშვილის დიდი გზა კვლავ შს მინისტრობას უკავშირდება თუ სხვა რომელიმე თანამდებობას სახელისუფლო გუნდში.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით ერთადერთი და პირველი მინისტრია, რომელიც სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. 6 მაისს პოლიციის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა საეკლესიო დღესასწაულს – წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ამ დღისადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო დღესასწაული თბილისში ჩატარდა. გასულ წელს პოლიციის დღე საზეიმოდ აღნიშნეს ბათუმში. საინტერესოა, ჩაიბარებს თუ არა მომავალ წელს პოლიციის აღლუმს წმინდა გიორგის ორდენის მფლობელი მერაბიშვილი?

ვანო მერაბიშვილის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიის შესახებ ახლახან აზრი გამოთქვა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა პუბლიკაციაში – არნო ხიდირბეგიშვილი: „Звенит звонок, пора расстаться“ – მერაბიშვილი მიდის ივანიშვილთან, თუ პრემიერ-მინისტრად?“.