თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ოპოზიციური ლიდერის – ირაკლი ალასანიას, მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებებიდან შვიდი კვირის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელსაც 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი ჰყავს ადგილზე, აცხადებს, რომ მას ამ დრომდე არ შეუძლია ან დაადასტუროს ან უარყოს დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის თაობაზე ბრალდებები.
„Civil.ge“-თვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ იგივე პოზიცია გააცნო მან მარტის ბოლოს ჟენევის დისკუსიების მე-19 რაუნდის მონაწილეებსაც. ინტერვიუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით 18 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში შედგა.– „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 15 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის. მოგვიანებით ეს ბრალდება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოიყენა, შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, საქართველოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ჰყავს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. შეისწავლა თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ეს ბრალდებები და შეეცადა თუ არა, რომ ადგილზე გადაემოწმებინა ვითარება? შეუძლია მისიას დაადასტუროს ან უარყოს ეს ბრალდებები?
– საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხების შესწავლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატში არ შედის. თუმცა ბატონი ალასანიას განცხადება ჩვენ იმდენად გვეხება, რამდენადაც, თუ ეს [ბრალდებები] დადასტურდა, ამას გავლენა ექნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია ან დავადასტუროთ ან უარვყოთ დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ბრალდებები.
ზუსტად ეს პოზიცია გავაცანი მე ჟენევის ბოლო დისკუსიების მონაწილეებს. ამასთან, გვყავს რა 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი ადგილზე, ჩვენ განვაგრძობთ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგს, რათა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.
– შეგიძლიათ დააზუსტოთ, როდის დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ბრალდებების შესწავლა – 15 მარტს ბატონი ალასანიას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ, თუ ბატონმა ალასანიამ ან ვინმე სხვამ მანამდე აცნობა მისიას ამ ბრალდებების თაობაზე, სანამ საჯარო განცხადება გაკეთდებოდა?
– მისიამ ბატონი ალასანიას კონკრეტული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საჯარო განცხადების შემდეგ შეიტყო. რა თქმა უნდა, მისია ჩვეულ რეჟიმში, თავისი საქმიანობის ფარგლებში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი გვაშფოთებს, რამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
– ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა გალში, რომელიც 24 აპრილს იგეგმებოდა, არ ჩატარდა მას შემდეგ, რაც სოხუმმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა; მეორე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომელშიც თქვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოგაცხადათ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 აპრილს, რომ სოხუმის ბრალდებას თქვენ წინააღმდეგ თავისი ლოგიკა აქვს. ევროკავშირმა აღნიშნა 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია. როგორ მიგაჩნიათ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს შექმნილმა ვითარებამ გალის შეხვედრების მომავალზე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს შეხვედრები განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება ან პროგნოზირებთ თუ არა მათ განახლებას ახლო მომავალში?
– მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ ჩვენ ვწუხვართ, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა 24 აპრილს არ ჩატარდა. ეს მოვლენათა ძალიან სამწუხარო განვითარებაა, რომელსაც ყურადღება ექცევა როგორც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ინციდენტების პრევენციის მექანიზმს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ინციდენტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დასვან და განიხილონ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმება ამ შეხვედრების გაგრძელებაზე ძალიან ახლო მომავალში, რაც ყველა მონაწილესთვის სასარგებლო იქნება.
– 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ განმუხურის მახლობლად საქართველოს პოლიციის პოსტის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. მეორე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ „დეტალები გარკვეული არ არის და ცნობები წინააღმდეგობრივია“. გაარკვია თუ არა მისიამ მას შემდეგ დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად? თუ არა, რა ძირითადი დაბრკოლებები არსებობს, რაც ხელს უშლის მისიას, რეალური ფაქტები დაადგინოს ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში?
– ჩვენ ამ ტიპის ინციდენტებს ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ თვალს ვადევნებდით, ვუკავშირდებოდით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს და ინციდენტის ადგილის მახლობლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, და ინციდენტის საკითხი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზეც დავაყენეთ. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის მისიას არ აქვს აღმასრულებლის ფუნქცია და ამიტომ არ არის უფლებამოსილი, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიებები აწარმოოს; ამის შესაძლებლობა არც გვაქვს.
მიუხედავად ამისა, მისია განაგრძობს თავისი მანდატის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგს და მოახდენს შეძლებისდაგვარად სწრაფ რეაგირებას ნებისმიერ ინციდენტზე, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ სტაბილურობას.
თუმცა იმისათვის, რომ ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი ეფექტიანობა გაიზარდოს, დაუყოვნებლივ უნდა ვიყოთ ინფორმირებული, როდესაც ინციდენტი მოხდება; ჩვენ დროული ინფორმაცია უნდა მივიღოთ ყველა მხრიდან მიმდინარე გამოძიებების შესახებ; და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მივიდეთ ინციდენტების ადგილას მიუხედავად იმისა, თუ ადმინისტრაციული საზღვრის რომელ მხარეს მოხდება ის.
– ელით თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე ხელშესახებ შედეგებს თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მაგალითად, აღდგომის ან სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს მაინც?
– ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი საკითხია, განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების დროს; ამიტომ მისია ამაზე ერთ-ერთ ძირითად აქცენტს აკეთებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამკაცრების მოწმენი გავხდით. ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე კარგად იცის შეზღუდვების თაობაზე, და ალბათ სწორედ ეს გახდა აღდგომის დროს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შემთხვევების შემცირების მთავარი მიზეზი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს რეგულარულად ვაყენებთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.
თუმცა, გარკვეულ იმედისმომცემ მოვლენასაც ჰქონდა ადგილი სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ბავშვები და მასწავლებლები ვერ მიდიოდნენ სკოლებში იმის გამო, რომ მათ ოსური ან რუსული დოკუმენტები არ ჰქონდათ. ეს საფრთხეს უქმნიდა მათ უფლებას განათლების მიღებაზე. ასევე, იყო ცნობები, რომ ზოგიერთმა რამდენიმე დღის მანძილზე საკუთარ სახლებში დაბრუნებაც ვერ მოახერხა და მათ ნათესავებთან მოუხდათ დარჩენა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს და ეს საკითხი მალევე გადაწყდა, რის შედეგადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძლეს [ადმინისტრაციული საზღვრის] შეუფერხებლად გადაკვეთა.
გარდა ამისა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონია, გლეხებისთვის აუცილებელია, რომ თავიანთ ნაკვეთებზე შეძლონ მისვლა. სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების მონაწილეები შეიკრიბნენ ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რათა უსაფრთხოების კუთხით არსებული ის გამოწვევები განეხილათ, რომლის წინაშეც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა დგას. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლიერება გამოვხატო ყველა მონაწილე მხარის მიმართ მათი ძალისხმევის გამო და ვიმედოვნებ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ამ ინიციატივით სარგებელს ნახავს. ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ადგილობრივი გლეხებისგან, რომ მათ უკვე შეუძლიათ თავიანთი მიწების დამუშავება.
– სულ ბოლოს დაკავებულთა გაცვლა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდა, როდესაც თბილისმა და ცხინვალმა – თითოეულმა – 13 ადამიანი გაათავისუფლა. თუმცა ორივე მხარეს კვლავ რჩებიან დაკავებულები; მას შემდეგ თუ შეინიშნება წინსვლა ამ მიმართულებით?
– მას შემდეგ დაკავებულთა ერთდროულად განთავისუფლების სხვა შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი – კერძოდ, იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის უნებლიეთ გადაკვეთის გამო დააკავეს. დაკავებულთა და ციხეებში მოთავსებულ პირთა საკითხი რეგულარულად განიხილება ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყენებს ცხელ ხაზსაც, რათა შეეცადოს და ხელი შეუწყოს დაკავებულთა გათავისუფლებას. ამ კუთხით თანმიმდევრული პროცესი მიმდინარეობს. ის პირები, რომლებიც უფრო დიდი ხნით რჩებიან პატიმრობაში, ჩვეულებრივ, შესაბამისი ხელისუფლების მიერ სხვა დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი, თუმცა ჩვენ ამ საქმეებზეც ვახორციელებთ მონიტორინგს.
– რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს მსგავსი ნაბიჯი გადადგმას და ამის მოტივად იმას ასახელებს, რომ კონფლიქტის მხარედ საკუთარ თავს არ განიხილავს. თქვენმა წინამორბედმა ჰანსიორგ ჰაბერმა ერთხელ მოსკოვის ასეთ პოზიციას „აფსურდული“ უწოდა; ეთანხმებით ასეთ შეფასებას?
– მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ევროკავშირის თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით: ძალის გამოუყენებლობის პირობა იმ სახელმწიფოებმა უნდა დადონ, რომლებიც აღიარებული არიან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და რომელთაც ამას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ავალდებულებს, კერძოდ, საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ.
– მიუხედავად სათანადო მანდატის არსებობისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუძლია სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა რეგულარული მონიტორინგის განსახორციელებლად; როგორც ცნობილია, სულ ცოტა, ერთ შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი, როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლებს უფლება მისცეს, შესულიყვნენ სეპარატისტულ რეგიონებში ფაქტების დამდგენი ვიზიტისთვის, რათა კონკრეტული ინციდენტის ადგილის დათვალიერება მოეხდინათ. რამდენი ასეთი ვიზიტი განახორციელა სადამკვირვებლო მისიამ? შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი ვიზიტების განხორციელება რეგულარულად?
– რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რეგულარულად შესვლა. ფაქტების დამდგენი ვიზიტების ფარგლებში, რაზეც შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს იქნა მიღწეული, ჩვენ რამდენჯერმე მიგვიწვიეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოხარული ვიქნებით, თუ გვექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ფაქტების დამდგენი ვიზიტები განვახორციელოთ, კერძოდ კი, გალის რაიონში ბოლოდროინდელ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით – ეს, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა დაძაბულობის განმუხტვაში და ინციდენტების შესახებ გავრცელებული ცნობების თაობაზე ინფორმაციის შეგროვებაში. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ როდესაც ნამდვილად განვახორციელებთ ასეთი ფაქტების დამდგენ ვიზიტებს, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მოპოვებულ ცნობებთან დაკავშირებით ჩვენი აბსოლუტურად მიუკერძოებელი მოსაზრების დაფიქსირებას.