საზოგადოება
კახა ძაგანია: „ნათელაშვილის და ივანიშვილის დავალებით გამოასახლეს“

1dzagania-kaxaთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, 2007 წელს თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, მდებარე შენობიდან, რომელშიც დღეს „ქართული ოფისის“ ცენტრალური ოფისია განლაგებული, „ქვეყნის შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მაცხოვრებლები გამოასახლა“. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ  განაცხადა, 2007 წელს აღნიშნული შენობიდან გამოსახლებულთა შორის იყო პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის და.

ძაგანიამ ჟურნალისტებს წარუდგინა 2007 წლის თებერვალში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ხსენებული შენობიდან მცხოვრებთა გამოსახლებას ეძღვნებოდა. სიუჟეტში ჩანს, რომ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ სააქციო საზოგადოება „ჯანმრთელობის“ სარჩელის საფუძველზე მიიღო. სიუჟეტში ჩანს, რომ სასამართლომ მოსახლეები შენობის კანონიერ მფლობელებად არ ცნო. სააქციო საზოგადოების ინტერესების დამცველი ამბობს, რომ კომპანია მზადაა, მოსახლეებს კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარი გადაუხადოს, რასაც ისინი არ თანხმდებიან. სიუჟეტში ჩანს, როგორ მივიდა მცხოვრებთა დასახმარებლად  შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ნიკა რურუა, გიგა ბოკერიას მამა ან ბიძინა ივანიშვილი დგას.

ძაგანიას მტკიცებით, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გარკვეულმა წრეებმა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2007 წელს დაავალეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრება. „ივანიშვილმა იცოდა, რომ შალვა ნათელაშვილის ნეიტრალიზების გარეშე თავისი პოლიტიკის გატარებას ვერ შეძლებდა, ამიტომ ჯერ კიდევ იმ პერიოდში ცდილობდა ნათელაშვილისთვის დარტყმების მიყენებას“, – აღნიშნა ძაგანიამ. ლეიბორისტთა იდეოლოგიური მდივნის აზრით, ნათელაშვილის დის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება ლეიბორისტული პარტიის ლიდერისათვის მიყენებული დარტყმაა, ხოლო სს „ჯანმრთელობის“ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.