საზოგადოება
„ქართული ოცნება“ „IRI“-ს კვლევებს არ ენდობა

1kart-ocneba-ndobaთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. კოალიცია  „ქართული ოცნება“ „IRI“-ს კვლევებს არ ენდობა. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიციას კვლევებისადმი უნდობლობის რამდენიმე მიზეზი აქვს.

„NDI და IRI ძალიან მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციებია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაციები კვლევების ჩასატარებლად ქირაობენ ქართულ კომპანიებს. სინამდვილეში სწორედ ეს კომპანიები ატარებენ ამ კვლევებს და შემდეგ ისინი აწვდიან ამ ამერიკულ ორგანიზაციებს კვლევის შედეგებს. ეს არის ის მომენტი ამ კვლევებში, რომელსაც ჩვენ არ ვენდობით. შემდეგ ამ კვლევების მიხედვით გაკეთებულ დასკვნებსაც, შესაბამისად, არ ვენდობით. ეს ქართული კომპანიები ისეთივეა, როგორებიც არიან პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც ვითომ არიან ობიექტურები. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის საქმესაც აკეთებენ“, – აცხადებს ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, მათ უნდობლობას ისიც იწვევს, რომ შედეგები ყოველთვის არის ისეთი, როგორიც ხელისუფლებას ძალიან აწყობს.

„ქვეყანაში, სადაც ორ მილიონამდე ადამიანი იღებს ან ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას და სიღარიბის პროგრამაში ჩართვას, როგორ შეიძლება ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას, კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ“, – აცხადებს ფანჯიკიძე.

„IRI“-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – „მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ – 45 %, „ქართული ოცნება“ – 15 %, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 9 %, ხოლო სხვა პარტიები 4 %-ს ინაწილებენ. გამოკითხვებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77 %-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.