„ბურჯანაძეს არავინ უყურებს, როგორც მოღალატეს“
თბილისი, 4 მაისი,
საქინფორმი. „ნინო ბურჯანაძეს არავინ უყურებს, როგორც მოღალატეს ან მტერს“, – ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“” წევრმა, კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ „ალიასთვის“ ნათქვამი სიტყვების კომენტირებისას. ძიძიგურის მტკიცებით, როდესაც ივანიშვილმა „ალიაში“ თავისი ინტერვიუ წაიკითხა, თქვა, რომ არ ახსოვს, ბადრი ბიწაძის კონტექსტში ფრაზა მას ეკუთვნის თუ სტატიის ავტორს. ამის შემდეგ ძიძიგურმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ივანიშვილის სიტყვებში ისეთი არაფერი ყოფილა, რაზეც გაბრაზება შეიძლებოდა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვები, კითხვები იყო მაშინაც, როდესაც ბიწაძეს საკმაოდ მძიმე ბრალდების შემდეგ საპროცესო გარიგება შესთავაზეს.
ცნობისათვის: გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ვის ველაპარაკო, შალვა ნათელაშვილს, რომელიც ხელისუფლებამ გადაიბირა? როდესაც დასაპატიმრებლად სდევნიდნენ, ვანო მერაბიშვილს დავურეკე და ვკითხე – რატომ არ იჭერთ, თუკი დამნაშავეა? იცით, რა მიპასუხა ვანომ? ბატონო ბიძინა, რად გვინდა მისი დაპატიმრება, სად ვიპოვით უკეთეს კაცს! კიდევ ვის ველაპარაკო – ნინო ბურჯანაძეს? ბადრი ბიწაძე თქვენ გაუშვით უცხოეთში? ბურჯანაძის და ნათელაშვილის შესახებ უკვე ვთქვი, ვისთან მივსულიყავი – „ქრისტიან-დემოკრატებთან”? ეს პარტია სააკაშვილმა შექმნა და ის დღემდე მისი პატრონაჟის ქვეშ არის. გაყიდულ ადამიანებთან ლაპარაკი არ შემიძლია, რა აზრი აქვს ამას?..“