სამართალი
თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. ბიზნესომბუდსმენი ახალი ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას სთხოვს, რომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები უფრო ნაკლები ინტენსიურობით შევიდეს.
გიორგი პერტაიას განმარტებით, სასურველია, რომ კოდექსში ცვლილებები, ვთქვათ, კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ შევიდეს, რადგანაც, როგორც ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, მას ხშირად ბიზნესმენებისგან უკმაყოფილებები ესმის „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ხშირი ცვლილებების შესახებ.ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ასეთი ხშირი ცვლილებებით ბიზნესის სფერო ოდნავ უკმაყოფილოა, რადგანაც ჩივიან, რომ მათი ყოველი დღე „საკანონმდებლო მაცნეს“ კითხვით იწყება, რათა გაიგონ, კიდევ რა ცვლილებები შევიდა კოდექსში.
პერტაიას თქმით, კარგია, როცა კოდექსი იხვეწება და ის ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ხდება, თუმცა ბიზნესის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, რადგან ყოველ ცვლილებას ბიზნესის მხრიდან სათანადო აღქმა სჭირდება, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პერიოდსაც მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „საგადასახადო კოდექსში“ უკვე 300-ზე მეტი ცვლილება შევიდა.