საზოგადოება
„სააკაშვილი ღრმა სტრესშია“

1baliashviliთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. ქართველი ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა ღრმა სტრესში აღმოჩნდნენ და ამ სტრესის ყველა ნიშანი სახეზეა. ამის შესახებ ფსიქოლოგმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მარინა ბალიაშვილი სტრესული სიტუაციის დამადასტურებლად მიიჩნევს ყველა იმ ქმედებას, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელდა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრესის მთავარი ნიშანია ქცევის დეზორგანიზაცია. „ამგვარ სიტუაციაში ბუნებრივი ფუნქციები ქვეითდება და ადამიანის ცნობიერება იფანტება. მას არ შეუძლია მრავალრიცხოვანი კომბინაციების მოფიქრება, მათი გონივრულად დაგეგმვა, ამიტომ სტრესში მყოფი მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ წერტილოვან, სიტუაციურ დარტყმებს იყენებს“, – განმარტა ფსიქოლოგმა. ხელისუფლების სტრესის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მან დაასახელა პრეზიდენტის ქცევა პარლამენტში მისი ანგარიშის დროს, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატის – ჯონდი ბაღათურიას, კრიტიკული გამოსვლის შემდეგ სააკაშვილი ისტერიკულად გავარდა დარბაზიდან, მანამდე კი კრიტიკას შეურაცხყოფით უპასუხა. „ამაზრზენი იყო  უგვანი სახით მისი გამოჩენა მახათას მთაზე. სააკაშვილი მშვიდი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა ის განსაკუთრებით აღგზნებულია, და ესეც სტრესის ნიშანია“, – განმარტა ბალიაშვილმა.

მისი შეფასებით, დაბნეულია პრეზიდენტის გარემოცვაც, რომელიც სააკაშვილს ვეღარ აკონტროლებს. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგს აღუძრა შეგრძნება, რომ ამ მთავრობას „ბედისწერა უკვე კარზე უკაკუნებს“ და ის მოახლოებულ საფრთხეს გრძნობს. ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესაძლებლობას მარინა ბალიაშვილი მოცემულ სიტუაციაში გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ „უბედური შემთხვევების“ ლიმიტი ამოიწურა. ფსიქოლოგის აზრით, ერთადერთი, რაც ამ მთავრობას დარჩენია – მომავალი არჩევნების გაყალბებაა. „ისინი საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანენ ხალხს, დიდ ფულს გადაუხდიან და ათქმევინებენ, რომ იწონებენ ამ არჩევნებს. ამ სიტუაციაში გადამწყვეტი იქნება ხალხის პოზიცია. არჩევნები მხოლოდ თბილისში რომ ტარდებოდეს, სააკაშვილი ვერასოდეს გაიმარჯვებდა“, – განაცხადა ბალიაშვილმა და ურჩია ოპოზიციას, მეტი იმუშაოს რეგიონებში, ხოლო ხალხმა თავისი არჩევანი დაიცვას.