სამართალი
„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“

1me-reportioriთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. როგორც “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მედიამენეჯერი გიორგი ფუტკარაძე საქინფორმს აცნობებს, გუშინ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებითა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაიმართა ინსცენირებული აქცია „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“

აქციის მონაწილეები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ძელსკამებზე მსხდომ რიგით მოქალაქეებს პირაკრულები და თვალახვეულები შეერივნენ. მავთულბადეში მოთავსებულ გაზეთებზე ხელბორკილით მიბმულმა უფლებადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „დაპატიმრებულ პრესას“ და ყველა ჟურნალისტს, ვინც დღესდღეობით რაიმე ფორმით დევნას და ზეწოლას განიცდის. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ქართული მედიის მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიოს ჟურნალისტთა დევნისა თუ ზეწოლის ყველა ფაქტი.

აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, „საზოგადოებრივი დამცველი“, არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „ჯანმრთელი სამყარო“. აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან და აქტიური მოქალაქეები.

შეგახსენებთ, 1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებდა ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.