საზოგადოება
ბურჯანაძე: „ივანიშვილს მოუწევს, ჩემდამი წაყენებული ბრალდებები არგუმენტებით გაამყაროს“

burjanaZe-nino1თბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ხელისუფლებასთან  ბურჯანაძის შეკვრის შესახებ ბრალდება ან უარყოს, ან არგუმენტებით გაამყაროს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ „ალიაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ მე მსურს, მას ვკითხო და ულტიმატუმი წავუყენო, დაადასტუროს, „ალიაში“ გაკეთებული განცხადება ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა, ნამდვილად მიიჩნევს თუ არა, რომ შეკრული ვარ ხელისუფლებასთან  და თვლის თუ არა, რომ ვუღალატე იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძოდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის თავისი თანამებრძოლების ღირსების შელახვას არავის აპატიებს.

„არ მაინტერესებს, ეს აზრი მას ვინ შეაგნებინა. ივანიშვილს მოუწევს, ჩემდამი წაყენებული ბრალდებები არგუმენტებით გაამყაროს. ამაზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და თუ პასუხს არ გამცემს, მე პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკური ბრძოლის წესები კარგად ვიცი და ამ წესებით ვიმოქმედებ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  ნინო ბურჯანაძის  ულტიმატუმზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე „internet.ge“-თან საუბარში ამბობს, რომ ბურჯანაძის მოთხოვნა ცნობად შეიძლება ჩაითვალოს.

„გასცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბურჯანაძის განცხადებას პასუხს, ეს თავად ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.