სამართალი
სპეცსამსახურები კრიმინალური ვერსიისკენ იხრებიან

1dnepr-vzrivთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს განხორციელებული ტერაქტის გამოძიება გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცსამსახურები კრიმინალური ვერსიისკენ იხრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, ეს აფეთქებები გავლენის სფეროების გადანაწილების გამო მოხდა.

სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად სამ ეჭვმიტანილს ეძებენ. გამოქვეყნებულია მათი ფოტორობოტები.

„ქალაქში მიდის ომი ადგილობრივ ბიზნესდაჯგუფებებს შორის, რომლებიც ამ დრომდე კრიმინალთან არიან დაკავშირებული“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ უკრაინის უშიშროების სამსახურის დნეპროპეტროვსკის სამმართველოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, ორი კვირის წინათ აფეთქების შედეგად გავლენიანი ბიზნესმენი გენადი აკსელროდი გარდაიცვალა, ამიტომაც, გაზეთის ინფორმაციით, „ძალიან ბევრი საფუძველია იმისა, რომ არსებობდეს ვარაუდი, რომ ეს აფეთქებები პოლიტიკასთან კავშირში არ არის".

გაზეთი „მოსკოვსკიი კომსომოლეცი“ კი წერს, რომ წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდან არიან ჟურნალ „ფორბსის“ მიერ აღიარებული მილიარდერები – ვიქტორ პინჩუკი, იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი. ისინი მდიდრების იმ სიაში შედიან, რომელშიც დონელი რინატ ახმეტოვიცაა. ასე რომ, არის ვერსია, რომ აფეთქებები ამ სამ ადამიანსა და ახმეტოვს შორის არსებული გარჩევების შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურები ამ საქმის გამოძიების მსვლელობის კომენტირებას პრაქტიკულად არ ახდენენ. ამის მიუხედავად, უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ როკიტსკიმ უკვე განაცხადა, რომ მომხდარში არავითარი პოლიტიკა არ არის.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს დნეპროპეტროვსკის ცენტრში ოთხი ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიჭრა 30 ადამიანი, რომელთაგან 14 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.