სამართალი
ტარას შამბა ანქვაბზე თავდასხმაში ძმის მონაწილეობას უარყოფს

1taras-shambaთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. სერგეი შამბას ძმა ტარას შამბა ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში სერგეი შამბას მონაწილეობის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ძმა ამჟამად სოხუმში იმყოფება.

როგორც ტარას შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, სერგეი შამბა მისი თხოვნით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდა და ერთობლივად მუშაობდნენ წიგნზე აფხაზეთის ისტორიის შესახებ.
მისივე განმარტებით, მოსკოვში ყოფნა გაუგრძელდა, რადგან თავად მოუხდა გერმანიაში გარკვეული დროით ყოფნა და წიგნზე მუშაობა გაჭიანურდა. „სერგეი სოხუმში რამდენიმე დღის წინათ გაემგზავრა“, – აცხადებს ტარას შამბა, რომლის მტკიცებითაც, სერგეი შამბასაც და პირადად მასაც პრეზიდენტ ანქვაბთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სერგეი შამბას ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა ედება ბრალად, ჭორია.
„ეტყობა, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებით ვიღაც სერგეი შამბას დისკრედიტაციას ცდილობს“, – აღნიშნავს ტარას შამბა.
მისივე თქმით, ამჟამად სერგეი შამბა არსად არ მუშაობს. „ვერ გეტყვით, რატომ არსად არ მუშაობს სერგეი შამბა. ეს ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტ ანქვაბს უნდა ჰკითხოთ“, – დასძინა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონგრესის თანათავმჯდომარე ტარას შამბამ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი შამბა ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, რის გამოც თითქოს იგი სოხუმიდან გაიქცა.