თბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. დიასპორული პარლამენტის შექმნის თაობაზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საქმეებში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ, რომელმაც ახალი იდეა 2 მაისს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს გააცნო, განაცხადა, რომ 4-წლიანი უფლებამოსილების მქონე დიასპორულ პარლამენტში 45 წევრი შევა, რომლებიც წელიწადში ერთხელ 5-დღიანი სესიის ფარგლებში შეიკრიბებიან საქართველოს პარლამენტის შენობაში. ამ პარლამენტს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს ფუნქციაც ექნება.დავითაიას განცხადებით, ამგვარი პარლამენტის შექმნა პირდაპირ არის დაკავშირებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მინიჭების დინამიკასთან. ამგვარი სტატუსის მინიჭება, რაც საქართველოში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობას გულისხმობს, მარტიდან დაიწყო და, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მაისის ბოლოსთვის 50 ასეთი მოწმობა იქნება გაცემული. დავითაიას თქმით, ვიდრე ეს რაოდენობა 30 000 არ მიაღწევს, დიასპორული პარლამენტის შექმნის შესახებ კანონი ძალაში არ შევა.
ინიციატივის თანახმად, იმ ქვეყანას, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსით 1 000 ადამიანი მაინც დარეგისტრირდება, დიასპორულ პარლამენტში 1 დეპუტატის არჩევის კვოტა ექნება. თითო ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 3 დეპუტატის არჩევა.
45-წევრიან დიასპორულ პარლამენტში 30 მაჟორიტარი აირჩევა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ორგანიზებული არჩევნების გზით, ხოლო 15 წევრს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დანიშნავს იმ ქვეყნებიდან, სადაც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ადამიანთა რაოდენობა 1 000-ზე ნაკლები იქნება, რათა მაქსიმალურად იქნეს ყველა ის ქვეყანა მოცული, სადაც ქართული დიასპორა არის წარმოდგენილი.
ინიციატივის თანახმად, ამ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ხოლო სპიკერს, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის საპატიო წევრიც იქნება, აირჩევენ დიასპორული პარლამენტის დეპუტატები.
„ამ ნაბიჯით ჩვენ უფრო მეტ კონტაქტში შევდივართ დიასპორასთან, მათი პრობლემები, მათი იდეები, მათი ჩართულობა საქართველოს სახელმწიფო საკითხებში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებში იქნება უფრო მაღალი“, – განაცხადა დავითაიამ.
2 მაისის სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზეც, რომელიც კომიტეტმა უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი განსაზღვრავს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების პრიორიტეტულ სფეროებს და წარმოადგენს მცდელობას, რომ ერთიანი ხედვის ქვეშ მოექცეს ამ მიმართულებებით განსახორციელებელი აქტივობები.
კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოსთვის, როგორც ცენტრალური ქვეყნისათვის კავკასიის რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გარშემო კეთილგანწყობილი გარემო არსებობდეს.
„მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ბოლო მოეღება ყველანაირ ინსინუაციებს, დაკავშირებულს იმასთან, თითქოსდა ქართული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმართული არის ვითარების დესტაბილიზაციისკენ“,– განაცხადა წიკლაურმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ გვსურს მშვიდობიანი, სტაბილური, უსაფრთხო გარემო კავკასიის რეგიონში“.
მისი ინფორმაციით, სტრატეგიის პროექტს საკომიტეტო განხილვების შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს.