სამართალი
ქუთაისში ახალგაზრდული მოძრაობის აქცია დაშალეს

1v-kutaisi-razognaliთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის აქცია დაშალეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა „facebook"-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა 2 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლთან 24.00 საათზე სანთლების აქცია გამართეს. სიმბოლური აქცია რუსთაველის ქუჩიდან მშვიდობიანი მსვლელობით დაიწყო და აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდა, სადაც ახალგაზრდებმა სანთლებით გამოსახეს წარწერა „გილოცავთ ქუთაისობას“.

კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრთა განცხადებით, მოულოდნელად აღნიშნულ ტერიტორიაზე ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანა გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლი მიუშვა. გამოჩნდნენ უცნობი პირებიც, რომლებშიც აქციის მონაწილეებმა მერიის თანამშრომლები ამოიცნეს. მათ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.