სამართალი
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია

parlamenti_sulaთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტის პირველ საჯარო განხილვას დღეს გამართავს.

დოკუმენტის 18-გვერდიანი პროექტი იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფს, რომელთა მეშვეობითაც თბილისი ურთიერთობების გაღრმავებას ეცდება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან, დაწყებული ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებით, გაგრძელებული ხალხთა შორის კონტაქტებით, განათლების, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა სფეროებით.

ჩრდილოეთ კავკასიასთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე  საუბარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის იმ მონაკვეთშიც, სადაც რუსეთთან ურთიერთობებია განხილული.

სტრატეგიის პროექტში ცალკე არის გამოყოფილი თავი სახელწოდებით „ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციებისა და გენოციდის მსხვერპლი, რაც უნდა გახდეს ისტორიული და იურიდიული კვლევის საგანი და მას მიეცეს მკაფიო და მყარად დასაბუთებული ისტორიული შეფასება.

პროექტის თანახმად, საქართველო მხარს დაუჭერს ასეთი ფაქტების დეტალურ შესწავლას, მათ შორის, ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციისა და აღმოჩენილი ფაქტების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობის გზით.

გასულ წელს საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები გენოციდად აღიარა. ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად წელს ანაკლიაში მემორიალის დადგმა იგეგმება.

სტრატეგიის პროექტში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით.