თბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. მეცხრე არხმა, რომლის თანამფლობელიც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, ორშაბათს საღამოს მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო.
არხის აღმასრულებელი დირექტორის, კახა ბექაურის, თქმით, ამჟამად არხი საცდელ რეჟიმში მუშაობს და მასზე დღის განმავლობაში სამი საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური თოქშოუ და თოჯინური პოლიტიკური სატირა გავა.
დარჩენილ საეთერო ბადეს საცდელი მაუწყებლობის პერიოდში, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით შეავსებენ. ამის შემდეგ დაგეგმილია ტელეკომპანიის მთლიანად საინფორმაციო არხად ფორმირება. ამის შესახებ ბექაურმა განაცხადა, რომელიც 2011 წლის იანვრამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი იყო.ბიძინა ივანიშვილს ადრე უკვე ჰქონდა იმავე სახელწოდების არხი საქართველოში, რომელიც 2004 წელს მოულოდნელად დაიხურა.
„მე-9 არხს“ სატელიტით და საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, თუმცა მაყურებლისთვის მისი ხელმისაწვდომობა ამ ეტაპზე შეზღუდულია.
ამჟამად „მე-9 არხი“ საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის აბონენტებისა და სატელიტური თეფშების მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი თურქული სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი „Turksat“ -ის მეშვეობით. არხი ონლაინრეჟიმშიც გადაიცემა.
ამ ეტაპზე არხის მაუწყებლობას „გლობალ TV“ -ის გარდა არცერთი საკაბელო კომპანია არ უზრუნველყოფს.
„შევეცდებით, რომ ყველა საკაბელო მაუწყებლობასთან მივიდეთ და ჩაგვრთონ საკუთარ პაკეტში. მათ დიდ ნაწილს ეშინია, ნაწილი ხელისუფლების კონტროლქვეშა და, ბუნებრივია, უარს გვეუბნებიან“, – განუცხადა ბექაურმა ჟურნალ „ლიბერალის“ ელექტრონულ გამოცემას.
ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე, კომპანია „გლობალ TV“-ის აქციების 66.8 %-ის მფლობელია.
ცოტა ხნის წინათ ამ საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მოტივით უარი განაცხადეს ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“.
თუმცა „გლობალ TV“-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ორმა ნაციონალურმა მაუწყებელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“-ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა.
„გლობალ TV“-ის მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზღაძემ გასულ კვირას განაცხადა მონაცემების დაკონკრეტების გარეშე, რომ ორი არხის გათიშვამ აბონენტების რაოდენობის მხოლოდ უმნიშვნელო შემცირება გამოიწვია.
„მე-9 არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა, არხი საცდელ მაუწყებლობას იწყებს.
არხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განბაჟების დროს შვიდ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა არხის აპარატურა განზრახ დააზიანეს.
„მე-9 არხის“ აღმასრულებელი დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ ტელეკომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს იმ ორმოცამდე „ბიუროს“ დახმარებით, რომლებიც არხს ქვეყნის მასშტაბით ექნება.