საზოგადოება
„მშვიდობის კორპუსის“ ახალ ჯგუფი

1mSvidobis-korpusiთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. დღეს თბილისის აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეთა ახალ ჯგუფს დახვდება. აღნიშნული ჯგუფი წინასამსახურებრივ მომზადებას ივლისში დაასრულებს. „მას შემდეგ, რაც ჯგუფი მუშაობას შეუდგება, საქართველოში მომსახურე მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიცხვი 94-მდე გაიზრდება“, - აცნობეს ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოში.

„მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში 2001 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ 434 მოხალისე მოავლინა. დღევანდელი ჯგუფი მეთორმეტეა, რომელიც საქართველოში იმსახურებს. ჯგუფში ინგლისური ენის 34 მასწავლებელი და არასამთავრობო და სოციალური განვითარების სექტორის 9 კონსულტანტია. ორწლიანი მუშაობის დაწყებამდე ჯგუფის წევრები ქართულ ენასა და კულტურაში, აგრეთვე, ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თერთმეტკვირიან წინასამსახურებრივ მზადებას გაივლიან. ამ დროის განმავლობაში ისინი ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ, რათა საქართველოს უკეთ შეეგუონ.

ორი წლის განმავლობაში მოხალისეები აჭარის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საშუალო სკოლებში, აგრეთვე, არასამთავრობო და სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში იმუშავებენ. მოხალისეები ქართველ პარტნიორ მასწავლებლებთან ითანამშრომლებენ და ადგილობრივ თემს დაეხმარებიან.

„მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მთავრობის მოწვევით მუშაობს. „მშვიდობის კორპუსი“ კვალიფიციური ადამიანური რესურსებით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და საქართველო-ამერიკის მეგობრობის გაღრმავებას ემსახურება.

„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დააარსა. ორგანიზაცია მსოფლიოს უზიარებს შეერთებული შტატების ყველაზე ძვირფას რესურსს – ამერიკელ ხალხს. მოხალისეები აშშ-ის საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენიდან ამერიკის მრავალფეროვნების მაგალითს წარმოადგენენ. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ისწრაფვიან, ხელი შეუწყონ მშვიდობასა და მეგობრობას მთელ მსოფლიოში.

1961 წლიდან დღემდე „მშვიდობის კორპუსში“ 200 000-ზე მეტმა მოხალისემ მსოფლიოს 139 ქვეყანაში იმსახურა და ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ გააცნო ამერიკული კულტურა. დღეს მშვიდობის კორპუსის 9,095 მოხალისე ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის 75 ქვეყანაში მსახურობს.