პოლიტიკა
Freedom House: „მედია საქართველოში კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია“

freedomთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ „Freedom House“-ის ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მესამე წელია, უმჯობესდება, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.

კვლევაში, რომელიც 2011 წლის მონაცემებს ეყრდნობა და 197 ქვეყანას ფარავს, საქართველოს 111-ე ადგილი უკავია, რომელსაც ის ბანგლადეშთან, კენიასა და მავრიტანიასთან იყოფს, და 52 ქულა ენიჭება. წინა ანალოგიურ კვლევაში, რომელიც 2010 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, საქართველოს 118-ე ადგილი ეკავა  55 ქულით.

კვლევა თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან „თავისუფალი“ მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე –  „ნაწილობრივ თავისუფალი“; 61-დან 100-მდე – „არათავისუფალი“.

„ერთადერთი მნიშვნელოვანი რიცხობრივი გაუმჯობესება რეგიონში [ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა/ევრაზია] მოხდა „ნაწილობრივ თავისუფალ“ საქართველოში, რომელმაც 55 ქულიდან 52 ქულაზე  გადაინაცვლა“, – ნათქვამია 2011 წლის კვლევაში.

„ეს ცვლილება გამოიწვია რამდენიმე ახალი გამოცემის ჩამოყალიბებამ, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემამ იმ მედიაჯგუფისთვის, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და მფლობელთა გამჭვირვალობის თაობაზე ახალი მოთხოვნების ამოქმედებამ“, – ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შარშან სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა განაახლა. ერთი ასეთი ლიცენზია, რომელიც საკაბელო ქსელებისა და სატელიტის მეშვეობით სატელევიზიო მაუწყებლობის საშუალებას იძლევა, იმ კომპანიამ მოიპოვა, რომელიც შემდგომში მილიარდერი ოპოზიციონერის, ბიძინა ივანიშვილის, მეუღლემ შეიძინა. ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1 მაისს დაიწყო.

12 ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოდან (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა) საქართველოს საუკეთესო ქულები აქვს პრესის თავისუფლების შესახებ 2011 წლის კვლევაში. საქართველოს გარდა, უკრაინა და მოლდოვაც „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში მოხვდნენ. დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი „არათავისუფალის“ კატეგორიას მიეკუთვნებიან.