სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ თავდაცვის სამინისტროს სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პარტიის ცენტრალური აპარატის უფროსი ლადო ბულბულაშვილი საქინფორმს ატყობინებს, პარტია თავდაცვის სამინისტროს სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს.

„თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 10%-ს – 675 მლნ ლარს, შეადგენს. ბიუჯეტიდან 626 მლნ, როგორც თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, უნდა მოხმარდეს „შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებას და ამაღლებას“. 19.800 მლნ იხარჯება სამხედრო განათლებაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე მხოლოდ 7.800 მლნ ლარია გამოყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებაზე კოლოსალური თანხებია გაწერილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, რეალურად, ახალწვეულებს თავად უწევთ პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე ზრუნვა: ნაწილში გამოცხადებამდე მათ თავად უნდა იყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, საპონი, ფანქარი, რვეული და სხვა ნივთები. პარტიამ მოიპოვა იმ ნივთების სრული ჩამონათვალი, რასაც ახალწვეულებს თავდაცვის სამინისტროდან სთხოვენ.

„თავისუფალი საქართველო“ ეჭვქვეშ აყენებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას. პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს ჯარისკაცის ეკიპირებაზე და სამშობლოს დასაცავად სამხედრო სამსახურში ჩადგომა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით ხარჯებს არ უნდა იწვევდეს.

ამას გარდა, პარტია მიიჩნევს, რომ არასწორია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პრიორიტეტების განაწილებაც, სადაც 675 მლნ ლარიდან პერსონალის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 7.800 მლნ ლარია გამოყოფილი“, – ნათქვამია განცხადებაში.