საზოგადოება
ივანიშვილი მასობრივ საპროტესტო აქციას გეგმავს

1koalicia-qart-ocnebaთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 26-27 მაისს თბილისში მრავალრიცხოვანი აქციით დაიწყებს“, – ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook“-ში მილიარდერის გვერდზეა განთავსებული. როგორც ვიცით, საქართველო 26 მაისს სახელმწიფო დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ხოლო 2011 წელს 25-დან 26 მაისის ღამეს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ძალისმიერი მეთოდით სასტიკად იქნა დარბეული ოპოზიციური „სახალხო კრების“ აქცია, რომლის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და სამხედრო აღლუმის ჩატარებისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით კოალიციამ წერილობით მიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებს, აგრეთვე, თბილისის მერიას.

„აქციის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამატებით გაცნობებთ უახლოეს დღეებში“, –  გვაუწყებს „ქართული ოცნება“.