სამართალი
თურქეთის 12 მოქალაქეს ციხე ემუქრება

1turkish-prisonთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ 26 აპრილს ფოთში დროის ორ სხვადასხვა მონაკვეთში თურქეთის 12 მოქალაქე დააკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის  წესების  ჯგუფურად  დარღვევის ფაქტზე და პასუხისგებაში მისცა.

გირაოს სახით დაკისრებული 3-3 ათასი ლარი ყველა მათგანის მიერ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, რომ თურქეთის ხუთმა მოქალაქემ 2012  წლის 22 თებერვალს და 2 მარტს – თურქეთის დროშით მცურავი  გემი „ISIK-3“-ით; ხოლო შვიდმა მოქალაქემ  13 და 25 იანვარს, ასევე, თურქეთის დროშით მცურავი გემი „AYSE AKANSU“-ით ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის ბიჭვინის საზღვაო რაიონში.

კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან სპეციალური ნებართვის გარეშე ამ რეგიონებში შესვლას კრძალავს. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე, მაგრამ თუ ეს ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.