თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისადმი სრულ ნდობას გამოხატავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეტრინ ეშტონის განცხადებაშია აღნიშნული. ეშტონის განცხადება მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის მიერ გარკვეული პირობების წარდგენის გამო ბოლო მომენტში გადაიდო“, – აღნიშნულია განცხადებაში.ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის გადაწყვეტა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია.
ეშტონი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაწესებულ და შეთანხმებულ პროცედურებზე ნებისმიერ გამოწვევას შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს.
„როგორც გაცხადებული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 25 აპრილს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღქმულია ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიერ როგორც მნიშვნელოვანი იარაღი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ისე სხვა საკითხებთან მიმართებით“, – ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სტაბილიზაციაში, ნორმალიზაციასა და ნდობის შექმნაში.
„ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მალე შედგება ყველა მონაწილის სასარგებლოდ“, – აცხადებს კეტრინ ეშტონი.
24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადება გახდა.
ამასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით 25 აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
თანათავმჯდომარეები მხარეებს შეახსენებენ 2009 წლის თებერვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ კონსენსუსს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნის გარშემო.
ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ისეთი პრეცედენტის დანერგვა, რომელიც შესაძლოა, მიმართული იყოს ყველა მონაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა ეს ინტერესები „მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ“.
რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, მათ ტიშკევიჩთან მიმართებაში რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, მათ შორის, ისიც, რომ ტიშკევიჩსა და მისიას შეუმჩნეველი დარჩათ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ახლოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც“.