საზოგადოება
მოსკოვი: „ოფიციალური თბილისის განცხადებები დაძაბულობის ესკალაციას იწვევს“

mid-rosii111თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებების ხასიათი აფხაზეთთან მიმართებაში და რუსეთის მისამართით ბრალდებები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისა და ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენაა მიმართული.

ამის შესახებ ლავროვის უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – ფილიპ ლეფორის, სატელეფონო საუბრის შედეგების კომენტირებისას განაცხადეს.

„ფილიპ ლეფორმა აფხაზეთის ხელისუფლების მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აფხაზური მხარის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერთობლივ მუშაობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. თავის მხრივ, კარასინმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილულ უნდა იქნეს უპირველესად, სოხუმთან, როგორც ჟენევის დისკუსიების სრულუფლებიან მონაწილესთან. ასევე, აღინიშნა, რომ აფხაზეთის პოზიციას თავისი ლოგიკა აქვს, რამდენადაც ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის მსვლელობისას აფხაზური მხარის მიმართვის საპასუხოდ ტიშკევიჩმა მოსაზღვრე ზონაში არსებული ინციდენტების, მათ შორის, მკვლელობების ფაქტების დაფიქსირებაზე უარი განაცხადა და აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის შეურაცხმყოფელი ტონით აფხაზეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის დაშვება მოითხოვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ლავროვის უწყებამ საუბრის დროს ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გაამახვილა, რომელიც, მათი შეფასებით, საყოველთაოდ მიღებულ დიპლომატიურ ფორმას არ შეესაბამება.

„აფხაზეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების ხასიათი და რუსეთის მიმართ ბრალდებები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისა და ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროს ჩაშლისკენაა მიმართული, რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია“, – ნათქვამია განცხადებაში.