რელიგია
ილია II: „ქრისტიანობის არსი ქველმოქმედება და გასაჭირში მყოფთათვის დახმარების აღმოჩენაა “

1katolikosiiთბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი.  აღდგომიდან  მესამე კვირას მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა მენელსაცხებლე დედათა ხსენება აღნიშნა.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

ამ დღეს ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს - მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.

ამ დღეს ეკლესია მართალ იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოსსაც იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს.

წმიდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახური მეფე თამარის ხსენებასაც აღნიშნავს.

კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში ილაპარაკა ოჯახში დედის როლსა და მნიშვნელობაზე. „დედობა ღვთისა და ერის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა, –აღნიშნა მან. – დღეს არის ხსენება მენელსაცხებლე დედათა. იმ დედათა, რომლებიც მუდამ იყვნენ მაცხოვართან, იმ დროსაც კი, როცა ხდებოდა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათ არაფრის ეშინოდათ. ისინი იყვნენ სულით და ხორცით უფალთან. მინდა, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა არის ქალისა და დედის როლი ოჯახში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას. დედობა – ესაა დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

მისივე განმარტებით, თუკი აქამდე შვილებს ქველმოქმედებას და გასაჭირში მყოფთა  დახმარებას ასწავლიდნენ, ახლა პრიორიტეტები შეცვლილია და შვილების აღზრდისას მშობლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, თუ როგორ მოიხვეჭოს მათ სახელი და ძალაუფლება. „იყვნენ ისეთი ოჯახები, სადაც შვილებს ქველმოქმედებას ასწავლიდნენ, აგზავნიდნენ ქუჩებში, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ. ნამდვილი ქრისტიანობა სწორედ ამაშია. დღეს კი ჩვენ შვილებს ვასწავლით, როგორ მოიხვეჭონ სახელი, ვასწავლით, ძირითადად, იმას, როგორ იყვნენ ბედნიერი, მატერიალურად სიუხვეში, ვასწავლით ყველაფერს – უცხო ენებს, მაგრამ მთავარს არ ვასწავლით“, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების ბოლოს ილია მეორემ 4 სასულიერო პირი დააჯილდოვა და ისინი სხვადასხვა ხარისხში აიყვანა, ასევე, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.