„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში წარადგინა
თბილისი, 30 აპრილი,
საქინფორმი. პარასკევს „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის იურიდიული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში წარადგინა. დოკუმენტები იუსტიციის სამინისტროში პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა და პარტიის წევრმა ეკა ბესელიამ ჩააბარეს. რეგისტაციისთვის საჭირო დოკუმენტებს შორის არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2201 წევრის ხელმოწერა (ნაცვლად კანონით დადგენილი 1000 ხელმოწერისა), პარტიის სადამფუძნებლო ოქმი, წესდება, დეკლარაცია, პარტიის სიმბოლიკა და იურიდიული მისამართის დამადასტურებელი სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძემ განაცხადა, პარტიის მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურა ზედმიწევნით არის დაცული. კანონის მოთხოვნის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ პარტია რეგისტრაციაში ერთი თვის ვადაში უნდა გაატაროს.