სამართალი
„განახლებული საქართველოსთვის“ მიმართვას ავრცელებს

1samarTali3თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს აცნობებს, პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები მიმართავენ ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, მედიის, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სათანადო რეაგირების მიზნით პარტიისთვის შემოწირულობების განმხორციელებელ პირებზე ზეწოლისა და მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, შემოწირულობები განხორციელდა 2011.12-2012.04 პერიოდში სრულიად გამჭვირვალედ. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას კონტროლის პალატაში ლევან გვარმიანის, მამუკა ჯოლიას, ლაშა გვასალიას, გიორგი ოძელის, მარლენ ხუცურაულისა და ბესიკ მამულაშვილის მიმართ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პარტიას მიაჩნია, რომ კონტროლის პალატას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან არ განეკუთვნება საგამოძიებო ორგანოთა კატეგორიას.

ზემოაღნიშნულმა პირებმა სრულად დაასაბუთეს თანხების წარმომავლობის კანონიერება. მათი იქიდან გამოშვების შემდეგ კი მათ დაუსწრებლად შედგენილ იქნა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, რაც, პარტიის აზრით, კანონდარღვევას წარმოადგენს.

როგორც პარტიის ლიდერები განმარტავენ, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და წარმოადგენს პოლიტიკურ ზეწოლას.