პოლიტიკა
ევროკავშირის ვიზის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტ უარს ეუბნებიან

1vizebiთბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის მიღებაზე საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი უარის მაჩვენებელი აქვს. ეს სასტუმრო  „Tbilisi Marriott“- ში ფონდ „ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემიის“  კვლევის –„ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები“ – ანგარიშის პრეზენტაციისას ითქვა.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და ის ერთწლიანი კვლევის ანგარიში წარმოადგენს, რომლის მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2011 წლის 1 მარტს ამოქმედებული ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროცესის მიმოხილვაა.

„ჩვენი ამოცანა გახლდათ პროგრესის ჩვენება, თუ რა შეიცვალა დადებითისკენ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, მაგრამ, ასევე, საკმაოდ დეტალურად გავამახვილეთ ყურადღება გამოწვევებზე, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ მომავალში მობილურობის სფეროში უფრო ეფექტური თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია სწორედ პრობლემების ერთობლივი გადაჭრა. ვიზის ფასილიტაცია სავიზო პროცედურების გამარტივებას ნიშნავს. იგი რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს. ეს არის გამგზავრების მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტის გამარტივება. ერთი დოკუმენტია საჭირო იმისთვის, რომ მიზანი დადასტურებული იყოს. ასევე, სავიზო განაცხადის განხილვის ვადა, რომელიც 10 დღემდე შემცირდა, სავიზო მოსაკრებლის 60-დან 35 ევრომდე შემცირება, 12 კატეგორიისთვის კი საერთოდ გაუქმება, ასევე, ვიზის ხანგრძლივობა. საქართველოს მოქალაქეების ზოგიერთ კატეგორიას შეუძლია, 5 წლამდე მოქმედების ვიზა აიღოს. რაც შეეხება გამოწვევებს, მართალია, მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი დოკუმენტია საჭირო, მაგრამ დამატებითი დოკუმენტების ნუსხა ჰარმონიზებული არ არის. ყველა საკონსულოს თავისი ფართო ნუსხა აქვს. პრობლემა ისაა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ტიპის დოკუმენტაციაა საჭირო სხვადასხვა ვიზისთვის, სრულად ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, პრობლემაა ის, რომ მოქალაქეებს ძალიან ხანგრძლივად უწევთ ლოდინი, ვიდრე აპლიკაციას შეიტანენ. საქმე ისაა, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს შიდა სავიზო კოდექსი, რომელიც მათ სავიზო პოლიტიკას არეგულირებს. კოდექსში წერია, რომ  მოლოდინის ვადა 2 კვირა უნდა იყოს. აქ ვხედავთ გამოწვევებს. გარდა ამისა, სავიზო კოდექსით რეგულირებულია მომსახურების ინფრასტრუქტურის გამარტივება. იმისთვის, რომ ადამიანები საათების განმავლობაში არ ელოდებოდნენ პასუხს, მოწესრიგებული უნდა იყოს მოსაცდელები, მომსახურების ენა უნდა იყოს ქართული, მათ შორის, დოკუმენტაციის შევსების ენა. კიდევ ერთ ძალიან პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ სავიზო განაცხადზე უარის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მთელ რეგიონში და 15%-დან 17%-მდე მერყეობს. 3% ითვლება ნორმად, რომ ევროკავშირს აქვს კარგი ურთიერთობა ამა თუ იმ ქვეყანასთან. რეგიონის სხვა ქვეყნებს უარის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები აქვთ. რუსეთსა და ბელარუსს 1% აქვთ მაჩვენებელი. მოლდოვასა და უკრაინას 3%-დან 6%-მდე. სომხეთს ჩვენ მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და 10%-ს შეადგენს. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა განიხილოს და მიზეზების დადგენა უნდა მოხდეს“, – განაცხადა „ლიბერალური აკადემია – თბილისის“ დირექტორმა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული პრობლემების მიზეზებს, ციხელაშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მათ შორის, არალეგალი მიგრანტების.

„2009 წელს ამ მონაცემებით მე-6 ადგილზე ვიყავით. ახლა კი მე-10-ზე ვართ. შეიძლება, ეს იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არის სხვა ფაქტორიც – ევროკავშირის ქვეყნების საემიგრაციო პოლიტიკა. ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის ეფექტის განხორციელება არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე გადავიდეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.