რელიგია
ნოვოსიბირსკის წმიდა გიორგის ეკლესია პირველი ქართული ტაძარი იქნება ციმბირში!

1katolikos1„ქართველებმა ახალ ადგილზე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სამშობლოსთან კავშირი არ დაკარგონ. ისტორიულ სამშობლოსაც უნდა დაეხმარონ!“

ილია II 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთ-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ნოვოსიბირსკში მალე წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. გთავაზობთ ინტერვიუს ამ კეთილი  წამოწყების ინიციატორთან – „საქართველოს ხალხთა სათვისტომოს ნოვოსიბირსკის ორგანიზაციის პრეზიდენტთან, სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატ მერაბ ტოსტიაშვილთან.

ბატონო მერაბ, როგორ მოხვდით ეს კახელი კაცი შორეულ ციმბირში?

– საბჭოთა დროში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა: ჯარში ყოფნა, მერე კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტში სწავლა, დისერტაცია მოსკოვში დავიცავი. დღეს ორ ორგანიზაციაში მუშაობას ვუთავსებ - სათვისტომოსა და ნოვოსიბირსკის სამაშველო სამსახურში, რომლის ხელმძღვანელი ვარ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ხშირად მაინც პირადად გავდივარ საგანგებო შემთხვევებზე. დრო არ მყოფნის, მაგრამ მთავარი ხომ მონდომებაა!

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დატვირთული ხართ, მაინც გამონახეთ დრო ამსიშორიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსასვლელად. რამ გიბიძგათ ამისკენ?

– იდეამ... დიდი ხანია, „მღრღნიდა“ ნოვოსიბირსკში ქართული ეკლესიის აშენების სურვილი. ამ იდეას მაშინვე გამოუჩნდნენ მომხრეები. ის ახლობელი აღმოჩნდა საქართველოს მოწყვეტილი ყველა ადამიანისათვის. უეცრად მწვავედ ვიგრძენით მოთხოვნილება, სულიერებისათვის მიგვემართა და ყველაფერი გაგვეკეთებინა სამშობლოსთან კავშირის  შესანარჩუნებლად. აუცილებლად გვჭირდება ეკლესია – ნოვოსიბირსკში ხომ ათი ათასამდე ქართველი, უფრო ზუსტად, საქართველოდან ჩამოსული ცხოვრობს, მათ შორის, ჩვენი ძმები ოსები და აფხაზებიც. თუმცა იდეის განხორციელების წამოწყება რთული აღმოჩნდა...

ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს სათვისტომოს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც სურს, რომ ჰქონდეს! ორგანიზაცია მთლად ახალგაზრდაა, სულ ორი წლის, მაგრამ ჩვილი ასაკის მიუხედავად, უკვე 500 ადამიანი გახდა მისი წევრი და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. სათვისტომოში გავხსენით საკვირაო სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ამ სკოლას სულ რამდენიმე მოსწავლე ეყოლებოდა, მაგრამ იმდენი მოვიდა, რომ ადგილები არ გვყოფნის – თითო მერხთან სამ-სამი ბავშვი ზის! სხვა გზა არ არის, უნდა გავფართოვდეთ.

სკოლის გარდა სათვისტომოში ცეკვის ანსამბლიც გვაქვს, სახელად „იმედი“. კოსტუმები თბილისში შეიკერა. ამჟამად „იმედი“ ყველა ჩვენს დღესასწაულს ამშვენებს, მათ შორის, გიორგობას, რომელზეც უამრავი ხალხი იკრიბება.

ეკლესიის მშენებლობაზე ფიქრი რომ დავიწყეთ, გვესმოდა, რომ საეკლესიო საქმეებში ჩახედული სპეციალისტის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, მაგრამ არ ვიცოდით, ვისთვის მიგვემართა დახმარებისათვის თბილისში. სწორ გზაზე ჩემმა კოლეგამ – ტომსკის სათვისტომოს ხელმძღვანელმა დაგვაყენა. მან გვირჩია, საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელს, პატრიარქის პირად წარმომადგენელს, დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილს შევხვედროდით. მასზე უკეთ ვერავინ დაგვეხმარებოდა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაში და გვასწავლიდა, რა საბუთები იყო მოსამზადებელი. ჩვენ, საერო ადამიანებს, ამგვარი საქმისა ხომ არაფერი გვესმოდა...

და აი, სულ რაღაც ერთი თვის წინათ ჩვენ დავუკავშირდით მამა გიორგის. საუბრის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ჩემთან შეხვედრა უხარიათ, მე ვუყვარვარ! და მარტო მე კი არა, ყველა, ვისთვისაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის მშენებლობას! აღვნიშნავ, რომ წმიდა გიორგის ტაძარი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ტაძარი იქნება მთელ ციმბირში. ის სათვისტომოს სახსრებითა და გულშემატკივართა პირადი შემოწირულობებით აშენდება. ასეთი ხალხი, საბედნიეროდ, არც ისე ცოტაა.

ჩვენ საფუძვლიანად გავარკვიეთ, რა იყო საჭირო, მოვამზადეთ სათანადო საბუთები და საქმეც ადგილიდან დაიძრა. თბილისში ჩემი ხანმოკლე ვიზიტისას შედგა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქობულეთის რეზიდენციაში მიმიღო, რისთვისაც მე მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ! პატრიარქი საქმის კურსში იყო, მან დაწვრილებით გამომკითხა მომავალი მშენებლობის ამბავი.

საქმე ის არის, რომ ეკლესია ვაკის სამების პროექტით აშენდება. შიგა მორთულობაც  სრულიად შეესატყვისება ქართულ სულს. ადგილიც შერჩეულია –ქალაქის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას. იქვე, გვერდით, საბავშვო მოედანი და შადრევანია. პროექტი უკვე შეთანხმებულია ქალაქის მერთან, მთავარ არქიტექტორთან. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ ამ წამოწყებაში აქტიურად გვეხმარება როგორც ადგილობრივი, ისე ოლქის ხელისუფლება.

ალბათ, ხვდებით, რომ ტაძრის კომპლექსი ჩვენთვის პატარა საქართველო იქნება! ჩვენ – სათვისტომოს წევრები – მონაწილეობას მივიღებთ სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები რუსულ მიწაზე.

როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, ოფიციალური მოლაპარაკების თანახმად, ეკლესია ადგილობრივ ნოვოსიბირსკის ეპარქიაში შევა. მიუხედავად ამისა, ეკლესიასთან მოქმედებას დაიწყებს ქართული კულტურის ცენტრი, საკვირაო სკოლა, რომელშიც შეისწავლიან ჩვენს კულტურასა და ისტორიას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოსა და ჩვენთვის, ყველასთვის! გარდა ამისა, ვაპირებთ, ჩავატაროთ ინტელექტუალური შეხვედრები, ავაშენოთ სასტუმრო განსაკუთრებული სტუმრებისათვის, ძეგლი დავუდგათ გენერალ ბაგრატიონს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოიწონა ჩვენი ინიციატივა და მოგვცა მითითებები, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ. სატაძრო კომპლექსი წმიდა გიორგის ეკლესიით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აშენდება! გამომშვიდობებისას ილია მეორემ ხელზე სამაჯური გამიკეთა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან დარჩება...

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ ოფიციალური წერილით ითხოვეთ კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან მისი მაღალუსამღვდლოესობის, ნოვოსიბირსკისა და ბერდის მიტროპოლიტ ტიხონის ვიზიტზე საქართველოში და მის შეხვედრაზე უწმიდესთან...

– ნოვოსიბირსკის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხალხთა სათვისტომო“ შეიქმნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნოვოსიბირსკის ეპარქიის მხარდაჭერით და მეუფე ტიხონის კურთხევით. მეუფე ტიხონი თბილისში ცხოვრობდა და ალექსანდრე ნეველის ტაძარში ეწეოდა ღვთისმსახურებას. ის ქართულად საუბრობს და ძალიან უყვარს ჩვენი ხალხი, ყველანაირად ეხმარება სათვისტომოს. ბევრი საკითხი მისი პირადი მხარდაჭერით გადაწყდა. დაბოლოს, მისი პირადი მხარდაჭერით  გამოყო ნოვოსიბირსკის მერიამ მიწის ნაკვეთი სატაძრო კომპლექსის ასაშენებლად. თითქმის ნახევარი ჰექტარი მიწა ქალაქის ცენტრში უსასყიდლოდ გადმოგვცეს!

საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას შევათანხმეთ მეუფე ტიხონის ჩამოსვლის თარიღი, რომლის დროს იგი საქართველოს წმიდა ადგილებს მოილოცავს.

მე აბსოლუტურად ბედნიერი მივემგზავრები ჩემი ისტორიული სამშობლოდან – ციმბირის პირველი ქართული ტაძრის საძირკველში პირველი ქვა წელსვე ჩაიდება. მრავალი წლის ოცნება მალე ახდება!

გმადლობთ ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კეთილშობილურ და ისტორიულ წამოწყებაში, ბატონო მერაბ.

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი

საქინფორმი