„იცით, ჩემი აზრით, არავინ უნდა მოელოდეს, რომ ადმინისტრაციული გარდაქმნების შედეგად ნახევარ წელიწადში ახალი პოლიცია ან შსსი-ს ახალი ორგანო გვექნება. იმიტომ, რომ სტრუქტურას ნაწილობრივ ახალი სახელწოდება აქვს, მაგრამ იქ ხომ ისევ ის ხალხი მუშაობს. დიახ, რა თქმა უნდა, მათი ნაწილი არ იყო ატესტირებული, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც. ჩვენ ხომ შს ორგანოებიდან 200 ათასი ადამიანი მოვაშორეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი მომენტალურად სხვანაირი გახდა. ეს ერთი. და მეორე: რა თქმა უნდა, არ შეიძლება კანონიერების, მართლწესრიგის ზოგად დონეზე ცალკეული ნაძირალების ქმედებების მიხედვით მსჯელობა. მათ შესაბამისი შეფასება მიეცათ. ყველა ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, უბრალოდ, აპატიმრებენ. არ დავმალავთ, რომ ეს საზღვარგარეთაც ხდება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ. ეს რთული ამოცანაა. ჩვენ არა ვართ ისეთი ერთი ბეწო, მოცუცქნული სახელმწიფო, რომელიც ზოგჯერ მაგალითად მოჰყავთ და მეუბნებიან: მოდი, ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები ავიყვანოთ. თქვენ წახვალთ პოლიციაში სამუშაოდ?”
ჟურნალისტმა ანა შნაიდერმა (ტელეარხი „როსია“) დააზუსტა: „საქართველოს გულისხმობთ?“, რაზეც მედვედევმა უპასუხა:
„მე არაფერს ვგულისხმობ - ამას თქვენ ამბობთ. მე კი ვამბობ, რომ ჩვენ არა ვართ პატარა ქვეყანა, რომელშიც ასეთი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ. ჩვენთან პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა სამოქალაქო პერსონალთან ერთად თითქმის ორი მილიონია. ეს უზარმაზარი არმიაა. და იმისათვის, რომ დიდი ფედერალური სტრუქტურის, სახელმწიფოს ფედერალური მოწყობის პირობებში მთელ ტერიტორიაზე მართლწესრიგი უზრუნველვყოთ, დიდი რაოდენობით ხალხია საჭირო. მათი გამოცვლა არანაირი განკარგულებებით არ არის შესაძლებელი – ისინი უნდა აღვზარდოთ. და, იცით, იმაში, რომ ყველა ეს შემთხვევა ახლა საჯარო ხდება, მე დიდ აზრს ვხედავ. რა დასამალია, ჩვენ ხომ ამქვეყნად გუშინ არ მოვსულვართ, ასეთი პრობლემები ადრეც იყო. მათ შესახებ არ იცოდნენ. რატომ? ჯერ ერთი, საზოგადოება ამას უფრო მშვიდად უყურებდა; მეორეც – კომუნიკაციის ასეთი საშუალებები არ არსებობდა. ახლა კი ნებისმიერი შეცდომის შესახებ, დანაშაულზე აღარაფერს ვამბობ, რამდენიმე საათში ყველამ იცის. ჰოდა, ძალიან კარგი, შეეშინდებათ ჩადენა. ხოლო ის, ვინც ჩაიდენს, ჩაჯდება“.