თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან შეშფოთება გამოხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 36-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც გალში 24 აპრილს უნდა შემდგარიყო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რაც მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტსაც ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენელთა, რეგიონში განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრების თავმჯდომარე გაეროს წარმომადგენელია და მათ ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც.24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 36-ე შეხვედრა არ ჩატარდა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ მონაწილეობაზე უარი განაცხადა; მეორე დღეს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 25 აპრილს განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურ „ეხო კავკაზას“, რომ სოხუმი მზად არის, განაგრძოს მონაწილეობა ამ მექანიზმის შეხვედრებში, თუმცა იმ პირობით, თუ სადამკვირვებლო მისიას შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენს და არა მისი ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი.
სოხუმი ტიშკევიჩს გალში ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის თხოვნის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ჩირიკბამ განაცხადა, რომ როდესაც მან მარტში ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ტიშკევიჩს ჰკითხა, თუ რატომ უგულებელყოფს ის ამ საქმეებს, მისიის ხელმძღვანელმა, ჩირიკბას თქმით, უპასუხა, რომ მისია მაშინ გამოიძიებს ამ საქმეებს, მათ შორის, აფხაზების გვამებთან დაკავშირებით, როდესაც სოხუმი ევროკავშირის დამკვირვებლებს რეგიონის შიგნით შეუშვებს.
„მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა – „გვამები“; ეს დიდი უპატივცემულობა და ძალიან ცინიკური იყო“, – განუცხადა ჩირიკბამ „ეხო კავკაზას“.
25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ არ უნდა შეიქმნას ისეთი პრეცედენტი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავებს, კერძოდ კი, ინტერესების, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მუშაობას გულისხმობს.
ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ არ უნდა შეიქმნას შეთანხმებული პრინციპების გადახედვის რაიმე პრეცედენტი, რაც, ასევე, გულისხმობს თითოეული მონაწილე მხარის უფლებას – თავად განსაზღვროს, თუ ვინ წარმოადგენს მას შეხვედრებზე.
„ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია, რაც ჩვენ გვაქვს. აქამდე ისინი მოქმედებდნენ იმ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებით, რომელიც ყველა მონაწილეს შორის იყო შეთანხმებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ხდება გადახედვა ამ პრინციპების ცალმხრივად“, – განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ 25 აპრილს.
ოფიციალური თბილისი, ასევე, აცხადებს, რომ სოხუმის პოზიცია მოსკოვიდან არის მართული; ამასთან, სოხუმში აცხადებენ, რომ არანაირი წინასწარი კონსულტაციები არ გაუვლიათ მოსკოვთან, ვიდრე ტიშკევიჩს არასასურველ პირად გამოაცხადებდნენ.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მოდის მოსკოვიდან, – განაცხადა კაპანაძემ. – მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ამ თემაზე არის მოსკოვი და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი, თუ რაიმე საფრთხე შეექმნება ჟენევის მოლაპარაკებებს“.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კომპრომენტაციასა და დასუსტებას ცდილობს, თუმცა ისინი ამას ვერ მიაღწევენ.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ და ეს არის შეშფოთების საფუძველი, ასეთი ღია, ვიტყოდი, თავხედური მცდელობა რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტების მხრიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი „მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უსაფრთხოების საკითხების და, ასევე, ადგილზე არსებული სხვა გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად“.
„თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მონაწილეს, უზრუნველყონ ჟენევის დისკუსიებთან მიმართებაში არსებული პროცედურებისა და მექანიზმების შენარჩუნება, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სრულად ფუნქციონირება, და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ შემდგომ ძალისხმევას“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.