აქტუალური
თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად როსტიკ ხუგაევი დაინიშნა ვადიმ ბროვცევის ნაცვლად. ამას იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.
რეგიონის ახლად არჩეულმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. მან, ასევე, დაავალა ახალ პრემიერს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურა წარადგინოს დასამტკიცებლად. მინისტრები რეგიონის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მოვალეობის შესრულების რეჟიმში მუშაობენ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.ზნაურის რაიონში დაბადებული 60 წლის როსტიკ ხუგაევი სამშენებლო სფეროს წარმომადგენელია, რომელიც, ძირითადად, რუსეთში მუშაობდა და ბოლო დრომდე სამშენებლო კომპანიების ჯგუფი „ამონდის“ იურიდიულ პირთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მას პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია, თუმცა ხელმძღვანელობდა სამარის ოლქში მოქმედ ოსურ ნაციონალურ-კულტურულ ცენტრ „ალანიას “.
მისი წინამორბედი ვადიმ ბროვცევი, რომელიც ცხინვალის რეგიონის მკვიდრი არ იყო და რუსეთმა იქ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში 2009 წლის გაზაფხულზე გააგზავნა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა თიბილოვის არჩევამდე.