პოლიტიკა
მედვედევი: „სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია“

medvede-int-111თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ პირდაპირ ეთერში უპასუხა რუსეთის ტელეარხების ჟურნალისტთა შეკითხვებს. მარიანა მაქსიმოვსკაიას (РЕН ТВ) შეკითხვას – დიმიტრი ანატოლის ძევ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ რუსეთს თითქოს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა პრაქტიკულად ყველა უახლოეს მეზობელთან. აი, ნახეთ: უკრაინასთან ცივი ომი, საქართველოსთან ნამდვილი ომი, ბელრუსთან სიტყვების ომი, ბალტიისპირეთთან საინფორმაციო ომი. როგორ გგონიათ, თქვენი პრეზიდენტობის წლებში მეზობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა? – მედვედევმა უპასუხა:

„მართალი ხართ, შეიცვალა. უკრაინასთან მართლაც ძალიან რთული  ურთიერთობა იყო, და პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ურთიერთობა ძალიან, ძალიან მძიმე იყო. ახლა კი სხვა ურთიერთობაა, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, კამათისა, ეს მაინც პარტნიორული, ამხანაგური ურთიერთობაა. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებების მიღებისას უკრაინის ისტებლიშმენტიც და პრეზიდენტი იანუკოვიჩიც შეძლებენ, დაძლიონ ზოგიერთი სტერეოტიპი, რომელთა ზეგავლენის ქვეშაც იმყოფებიან, და იხელმძღვანელონ დიდი პრაგმატიზმით, უფრო მეტად გაითვალისწინონ თავად უკრაინის ინტერესები.

რაც შეეხება საქართველოს, აქ გაცილებით სამწუხარო ისტორიაა. ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი, თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოს პატარა ყოფილ ნაწილებზე, რომელიც ცნობილია, რითაც დამთავრდა. მათ თავში წაუთაქეს, და ჩვენ იძულებული ვიყავით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად გვეღიარებინა. ჩვენმე, ჩემს მეგობრებს, პარტნიორებს, ამხანაგებსისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, მთელ ჩვენს ერს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია. და ჩვენ ის, სხვათაშორის, არაერთხელ გადაგვირჩენია, რაც უნდა ილაპარაკონ ცალკეულმა პოლიტიკანებმა საქართველოში. ამიტომ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა პოლიტიკური ისტორიიდან და ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, ჩვენ მზად ვართ, დავამყაროთ ურთიერთობა, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ისინი იქნებიან მზად.

ბელარუსი: იქაც – სიყვარულიდან სიძულვილამდე და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა, საკავშირო სახელმწიფო გვაქვს. არ დავმალავ, ხშირად ვკამათობდით პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან. ის რთული ადამიანია, ემოციური. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მან თავისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მიიხედ-მოიხედა და მისთვისვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ის საბაჟო კავშირის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ახლა კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის იდეის რეალიზაციის აქტიური მამოძრავებელია. ვფიქრობ, ეს ღირსეული პოზიციაა და, ბუნებრივია, ჩვენ ბელარუსთან ყველა შესაძლო ურთიერთობას განვავითარებთ.

ბალტიისპირეთის ამბავი უფრო რთულადაა. არ დავმალავ, ბევრჯერ მიფიქრია, მათთან სტუმრად ჩავსულიყავი. და როგორც კი რომელიმე თანაშემწეს დავავალებდი, ვეტყოდი: „მოდი, ვნახოთ...“ – აუცილებლად რამე საძაგლობას გამოატყვრენდნენ. არ შეიძლება ასე მოქცევა. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდები ვართ, ისინი კი – პატარები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე უნდა ითავხედონ ან ნაცისტებს დაუჭირონ მხარი.

ამიტომ ყველაფერი ამ სახელმწიფოთა ხელმძღვანელების ხელშია. თუ უფრო გონივრულ პოზიციას დაიკავებენ, თუ წამდაუწუმ არ ილაპარაკებენ: „რუსები მოდიან! ტანკები შემოვლენ, დაუყოვნებლივ დაგვიყენეთ რაკეტა“ – ყველაფერი ნორმალურად იქნება. ჩვენ ისტორიულად ვართ დაკავშირებული, ეკონომიკურად ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ კონტაქტები მაღალ და უმაღლეს დონეზე რუსეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს შორის აღდგება. ოღონდ საჭირო არ არის, რუსეთში საზარელ დათვს ხედავდნენ, რომელიც ნებისმიერ წუთს მზად არის, ეს სახელმწიფოები ნაკუწებად აქციოს“.