საზოგადოება
ხუბუტია დაბრუნდა

1xubutiaaთბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. 25 აპრილს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ოფისში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამოვიდა  კავშირის იურისტი მიხეილ ბიანკი, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაცია მნიშვნელოვან იურიდიულ ზღურბლს მიუახლოვდა. საქმე ის არის, რომ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ მართვის უმაღლესი ორგანო – პრეზიდიუმი, კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც 2005 წლის 21 აპრილს გაიმართა. იმავე ყრილობის მიერ დამტკიცებული  წესდების 5.5 პუნქტის თანახმად, პრეზიდიუმი 5 წლის ვადით აირჩევა. ამჟამად მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. შექმნილ კოლიზიასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გამოიწვიონ შემოქმედებითი შვებულებიდან „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია, რომელიც ყრილობამ 7 წლის ვადით აირჩია. შედეგად ხუბუტიამ გადაწყვიტა, შემოქმედებითი შვებულება შეწყვიტოს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგეს და დაიწყოს მზადება ყრილობისთვის, რომელზეც ახალ პრეზიდიუმს აირჩევენ. „ორგანიზაციას მანამდე ვუხელმძღვანელებ, სანამ ქართული დიასპორა შემოგვთავაზებს ადამიანს, რომელიც „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის მოვალეობებს გაუმკლავდება“, – დასძინა მიხეილ ხუბუტიამ.

სხდომის დასასრულ გადაწყვეტილება მიიღეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში კანდიდატურები შეარჩიონ და დღეიდან შეუდგნენ აქტიურ მზადებას კავშირის III ყრილობისთვის, რომელიც ხვალ, 28 აპრილს, უნდა გამართულიყო, მაგრამ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით გადაიდო. ყრილობის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.