აქტუალური
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების VI საერთაშორისო ფორუმი თბილისში

forumiiiთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი.თბილისში გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების VI საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა „მომავლის ქალაქი“. სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელებენ.

საერთაშორისო ფორუმს ექსპერტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გამართულ დისკუსიებში  მონაწილეობენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერია მეექვსედ ატარებს. 2012 წლის ფორუმში 20-ზე მეტი ქვეყნის (საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, ავსტრიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ავღანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიტვის, მალაიზიის, ჩინეთის, ჩეხეთის, სამხრეთ სუდანის, ირლანდიის, ფინეთისა და პოლონთის) 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა მომავლის ქალაქები. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის კავშირები საერთაშორისო მასშტაბით, როგორი უნდა იყოს ქალაქის მმართველობის ფორმა და რაზეა დამოკიდებული კონკურენტუნარიანი ქალაქის საცხოვრებელი პირობები როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აფრიკაში.

ფორუმის პარალელურად, თბილისის მერი გიგი უგულავა და კაიროს მერი აბდელ კავი ხალიფა ორ ქალაქს შორის დაძმობილების შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და მჭიდრო კავშირის დამყარებას ისახავს მიზნად.