საზოგადოება
დიმიტროვი: „მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას“

philip-dimitrov1თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

„აუცილებელია, პროცესები გაშუქდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და ობიექტურად. 2011 წელს ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგის კვლევა განვახორციელეთ და მაშინ გავარკვიეთ, რომ ქართულ მედიას საკმაოდ კარგად შეუძლია ამ ამოცანისთვის თავის გართმევა. იმედი გვაქვს, რომ 2012-2013 წლებში დაგეგმილი მონიტორინგისას კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც მედიამონიტორინგის ახალი რაუნდის დაწყებასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას.

„არჩევნები კარს მოგვადგა და, ფაქტობრივად, ესაა დიდი გამოწვევა ყველა დემოკრატიისთვის. საარჩევნო პერიოდში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დემოკრატიულია ქვეყანა, ყოველთვის არსებობს გამოწვევები. არჩევნები წინააღმდეგობრივი საკითხია, მასში ყოველთვის არის გამარჯვებული და დამარცხებული. შეიძლება იყოს ისეთი სიტუაციები, როცა ყველა ბედნიერია, მაგრამ არჩევნები არის სიტუაცია, სადაც ერთი მხარე იმარჯვებს, მეორე – მარცხდება, ამიტომ კულტურა იმგვარად უნდა განვითარდეს, რომ საზოგადოებამ შედეგი მიიღოს. ამის მიღწევა რთულია, მაგრამ ამაში დიდი როლი ეკისრება მედიასაც და ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მედიას. ძალიან ხშირად მედია მიკერძოებულია და ეს არაა სიურპრიზი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს იმის ფიქრის საშუალება, რომ მასმედიის ქცევა მიუახლოვდეს დემოკრატიის ზოგადი წესებით დადგენილ მოთხოვნებს“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის სურვილია, საქართველო დემოკრატიული და წარმატებული იყოს.