აქტუალური
ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტი

usaidთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. დღეს ევროპის სახლის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გაეროს ასოციაცია ოფიციალურად ხსნის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“. პრეზენტაცია ეძღვნება პროექტის სამომავლო გეგმებს, მოიცავს გამოფენასაც – „ეროვნული უმცირესობები საქართველოში – ყოფა, ტრადიციები და კულტურა“.

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: ჯონ ბასი – აშშ ელჩი საქართველოში, სტივენ ჰეიკინი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი, სუსან ქოული – „USAID“-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, რამაზ აფციაური – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის დირექტორი, თამარ კინწურაშილი – პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, გიორგი ტუღუში – სახალხო დამცველი, აგრეთვე, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო სააგენტოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს წევრები, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის პარტნიორები, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საბჭოს წევრები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები.

პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით, სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური მედიის გამოყენებას, ეწევა მოსახლეობის გათვითცნობიერებასა და ჩართულობას სატელევიზიო დებატებში ყოველკვირეული თოქ-შოუსა – „ჩვენი ეზო“ – და სხვა ადგილობრივი თუ ეროვნული მედიასაშუალებებით, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს დახმარებით. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სამოქალაქო აქტიურობის კულტურის დანერგვისა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარების გზით ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.