პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: „მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს“

kapanadzeeeთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებით, მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.

ეს აზრი კაპანაძემ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, გენერალ ანჯეი ტიშკევიჩის შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე წარმოთქვა.

„მოსკოვი რეალური საფრთხის წინაშე აყენებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და, შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებებს, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს და ეს მოლაპარაკებებს ძირს უთხრის. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი და ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქამდე ისინი მოქმედებდნენ იმ შეთანხმების პრინციპების საფუძველზე, რომელიც ყველა მონაწილეს შორის იყო შეთანხმებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ამ პრინციპების ცალმხრივად გადახედვა ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიცია გადაიხედება და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კი ამ ფორმატში შეუფერხებელი მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, თუ რამე საფრთხე შეექმნა ჟენევის მოლაპრაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, ამაზე პასუხი მოსკოვმა უნდა აგოს, რადგან მთავარი გადაწყვეტილება სწორედ რუსეთიდან მოდის.

ამასთან, კაპანაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ თბილისში გაკეთებული ზოგიერთი უპასუხისმგებლო განაცხადება დიალოგისთვის ხელის შეშლის საბაბი გახდა.