თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი.
„თბილისის სომეხთა კავშირის მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, 2012 წლის 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე
თქვენო უწმიდესობავ!მივმართავთ თქვენს სიბრძნეს და გთხოვთ, თავიდან აგვაცილოთ გარედან ინსპირირებული კიდევ ერთი კონფლიქტი კურთხეულ ქართულ მიწაზე ისტორიულად კეთილმეზობლურად მცხოვრებ ხალხებს შორის, ამჯერად – სომხურ და აზერბაიჯანულ თემებს შორის. გუშინდელი ინციდენტი საქართველოს პარლამენტში იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია გაჭიანურებულ თემთაშორის კონფლიქტში მისი გადაზრდის გათვლილი პერსპექტივით. ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებ ხალხებს ეყოთ სიბრძნე და საუკუნოვანი ეროვნული ტრადიციების პატივისცემა, რათა სტაბილურობა შეენარჩუნებინათ მღელვარე 90-იან წლებშიც, როდესაც ინგრეოდა იმპერია, რომელმაც ყველა ჩვენგანს მემკვიდრეობით დაუტოვა სისხლიანი კონფლიქტები კავკასიაში. ჩვენი თანამემამულენი – სომხური და აზერბაიჯანული თემების წევრები – ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრობდნენ, მხარდამხარ მუშაობდნენ, მწუხარებასა და სიხარულს თანაბრად იყოფდნენ. ამ კეთილმეზობლური ურთიერთობის სიმბოლო ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი რელიგიური სიწმინდეები, რომლებიც თბილისის მეიდანზეა განლაგებული, სადაც ისტორიულად მუსლიმანი მოსახლეობა ჭარბობს.
საქართველო ამჟამად თავისი ისტორიის უაღრესად საინტერესო ეტაპზეა და მეზობლებს ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებში წინსვლითი განვითარების ღირსეულ მაგალითს აძლევს. და ისტორიულად სწორედ საქართველოს განესაზღვრა შუამავლის როლი თავსმოხვეულ ეროვნებათშორის კონფლიქტებში როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე ისტორიული მეზობლების ტერიტორიებზე. ხოლო მათ, ვისაც ეს არ მოსწონს, ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ნგრევის სარეზერვო გეგმა აამოქმედეს. პროვოკატორებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ეროვნული უმცირესობების მიმართ ყოველგვარი პოლიტიკის არარსებობა უწყობს ხელს. ფრიად იშვიათი ეპიზოდების გარდა, ჩვენთვის როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ სატელევიზიო არხებზე დაშვება დახურულია. ცნობილი ტელეკომენტატორები ჩვენივე შიდა და თემთაშორის პრობლემებზე მსჯელობისას ჩვენს აზრს უგულებელყოფენ და, ამავე დროს, ჩვენი მისამართით აგდებულ რეპლიკებს აკეთებენ. სწორედ გუშინ პოპულარული ოპოზიციური არხის საღამოს პოპულარულ გადაცემაში უაღრესად პოპულარულმა და ამდენადვე ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა თავის პატივცემულ სტუმართან ერთად თანამედროვე ყოველდღიურობის ყველაზე სალანძღავი სიტყვები გამოითვალა – „სტალინი. ოკუპანტი. სომეხი“. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ მივაპყარით ხელისუფალთა ყურადღება, რომ მათ გარემოცვაში არიან პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებული არიან თემთაშორისი დაძაბულობის ესკალაციით და სრულმასშტაბიან კონფლიქტში მისი გადაზრდით.
იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, ერთმნიშვნელოვნად უზენაესი სულიერი ავტორიტეტი ბრძანდებით არა მარტო მართლმადიდებელი სამწყსოს, არამედ საქართველოში მცხოვრები ხალხების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, თხოვნით მოგმართავთ თქვენ და თქვენს სიბრძნეს – თავიდან აირიდეთ დაპროგრამებული პროვოკაცია და ღვთის სიტყვა ჩვენს მრავალტანჯულ, მაგრამ მშვენიერ საერთო სამშობლოში მშვიდობისა და სიმშვიდის დასაცავად მიმართეთ! ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში შრომასა თუ ბრძოლაში იცავდნენ საქართველოს გარე და შინაური მტრებისგან. ჩვენც ნურავის მივცემთ უფლებას, მისი მიწა სიძულვილის შხამიანი თესლით მოწამლონ!
ღრმა პატივისცემითა და მტკიცე რწმენით, რომ ჩვენი სიტყვა გაგონილ იქნება – მიხეილ თათევოსოვი, თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტი, ფსიქოლოგიის დოქტორი“