თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა.
25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა იმ კონფრონტაციული პოზიციის გამო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უკავია და იგი აფხაზური მხარის პოლიტიკური დაშანტაჟების მცდელობებში დაადანაშაულა.„ბატონი ტიშკევიჩი უგულებელყოფს ჩვენს თხოვნებსა და მიმართვებს და აფხაზეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის დაშვების არამართლზომიერ მოთხოვნებს აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში; თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები, ისევე, როგორც რუსეთი, რომელსაც ჯარები ჰყავს ამ ორ რეგიონში განთავსებული, უკრძალავენ მისიას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლას.
„სადამკვირვებლო მისია ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით აშკარად არ არის მიდრეკილი, რომ მიუკერძოებელი მონიტორინგი განახორციელოს და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველ პროცესებს ობიექტური შეფასება მისცეს“, – ნათქვამია განცხადებაში, „კერძოდ, ბატონ ტიშკევიჩის ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რის შესახებაც რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა“.
„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა მარტში, რომ საქართველოს ხელისუფლება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის.
„თავისი ქმედებებით, და უფრო ხშირად გულწრფელი უმოქმედობით, ბატონი ტიშკევიჩი, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანობას... ასევე, საერთო ჯამში, მოლაპარაკებების პროცესის კონსტრუქციულ სულისკვეთებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, ასევე, ადანაშაულებს ტიშკევიჩს აფხაზური მხარის მიმართ უპატივცემულობაში.
პოლონეთის არმიის გენერალ_ლეიტენანტი ანჯეი ტიშკევიჩი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად გასული წლის ივლისში დაინიშნა. მან ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი ჰანს-იორგ ჰაბერი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩამოსვლის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობდა ამ მისიას.
რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აფხაზური მხარის უარი – მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რომელიც, ასევე, უზრუნველყოფს ცხელ ხაზს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრები რუსული ძალების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლების თანდასწრებით იმართება.
ჩვეულებრივ, ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გალში თვეში ერთხელ იმართება, სადაც ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გალში 23 მარტს გამართულ ბოლო შეხვედრაზე მონაწილეებმა „მკვლელობების, სროლისა და დაკარგული პირის შესახებ“ ინფორმაცია გაცვალეს.
24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში 36-ე შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა ის არ ჩატარდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებას შემდგომი შეხვედრების პერსპექტივაზე. საგარეო უწყებამ კი აღნიშნა განცხადებაში, რომ სოხუმს ამ მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვნად მიაჩნია.