აქტუალური
ვინ ჩამოვა ქუთაისში ზეიმზე 26 მაისს?

NewParliamentთბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთავარი ღონისძიებების გამართვა ქუთაისში იგეგმება. ამ დღეს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აღლუმს ქუთაისში ჩაიბარებს. სამხედრო ნაწილებში უკვე დასრულებულია აღლუმში მონაწილეთა ძირითადი კონტინგენტების შერჩევა.

აღლუმს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის წინ გაიმართება, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები და ქართველი ემიგრანტები დაესწრებიან.

აღლუმის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ახალ შენობას გახსნის. ახალ შენობაში პარლამენტის პირველი სხდომაც გაიმართება.

საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, რომ 26 მაისს ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოიყვანოს, რომელიც, ასევე, წარმოთქვამს სიტყვას პარლამენტის ახალ შენობაში.

დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში რამდენიმე ობიექტის გახსნაც იგეგმება.