სამართალი
პარლამენტის ახალ შენობაზე, სულ ცოტა, 73,7 მილიონი ლარი დაიხარჯა

georgian-parlament-buildingთბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. „გასული სამი წლის მანძილზე 73.7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის, თუმცა სახელმწიფო სახსრების ხარჯვა სრულიად გაუმჭვირვალეა“, – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გამოქვეყნებულ ანგარიშში.

თავის 12-გვერდიან ანგარიშში, რომელიც დეტალურად განიხილავს მშენებლობის იმ სამართლებრივ ასპექტებს, რომლებიც პროექტის ფინანსებს ეხება, საია აცხადებს, რომ პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, საიდუმლოა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საიას მიერ მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე სულ 45 განცხადება გაიგზავნა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ კერძო კომპანიაში, მათ შორის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში; საქართველოს მთავრობაში; ფინანსთა სამინისტროში; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში; მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო ფონდში. გამოთხოვილ ინფორმაციას შორის იყო მონაცემები პროექტის შესახებ, ასევე, მისი ხარჯთაღრიცხვის, მშენებლობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მიღება-ჩაბარების აქტების შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაცია ან საერთოდ არ იქნა მოწოდებული, ან მხოლოდ ნაწილობრივ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მას საიდუმლოდ ხდის, „მონიტორინგის განხორციელების დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სრულიად დაფარული იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2009-2011 წლებში 73.77 მილიონი ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან პარლამენტის მშენებლობის პროექტისთვის (200 000 ლარი – 2009 წელს; 68.42 მილიონი ლარი – 2010 წელს და 5.14 მილიონი ლარი – 2011 წელს).

„73 775 300 ლარი განიკარგა აბსოლუტურად ბუნდოვნად და, შესაძლოა, კორუფციულად, რადგან სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების ლეგიტიმურ საფუძველს“, – ნათქვამია საიას ანგარიშში.

2011 წლის თებერვლამდე ქუთაისის მერია იყო ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა დაუკვეთა, თუმცა შემდეგ იგი სახელმწიფო მომსახურების ბიურომ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში  ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩამოაყალიბა. ამ კომპანიამაც უარი განაცხადა საიას თხოვნაზე – პროექტისა და მისი ფინანსების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

ხელისუფლება პარლამენტის ახალი შენობის გახსნას, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, 26 მაისს გეგმავს. ამ შენობაში განთავსდება 2012 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი. თუმცა რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელზეც ამჟამად მსჯელობენ დეპუტატები, 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.

პარლამენტის ახალი შენობის დამპროექტებელთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშისგუმბათიანი ახალი შენობა – გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200-მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის გამოხატულება იქნება. „CMD Ingenieros“ -ის მიერ დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ 2009 წლის დეკემბერში დიდების მემორიალი ააფეთქა. აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა და მას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.