ეკატერინას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი არ აქვს
თბილისი, 25 აპრილი,
საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო
საქინფორმს ატყობინებს, „ფეისბუქში“ ეკატერინა ხვედელიძის პროფილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ კვირას ქართული პრესის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეკატერინა ხვედელიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების სია.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს, არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. „ფეისბუქში“ არსებული პროფილები ყალბია და გახსნილია როგორც მის მხარდამჭერთა, ისე მოწინააღმდეგეთა მიერ. სწორედ ამიტომ აღნიშნული გვერდები ემსახურება სრულიად გაურკვეველ პირთა ინტერესებს და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს. როგორც ცნობილია, სოციალური ქსელის პოპულარიზაციასთან ერთად იზრდება ყალბი პროფილების რაოდენობა. ამიტომ ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოსთან“, – აცხადებს პრესსამდივნო.