პოლიტიკა
მიშა სააკაშვილი – ნორიკ ახალქალაქსკის მეგობარი?

polit-saaka11თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. „სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2012 წლის 6 მაისს გაიმართება, აქტიურად გაშალა საქმიანობა მოსკოვის ჯავახკი სომხების თემის მეთაურმა, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელმა ნორაირ თევანიანმა, – იუწყება ერევნული გაზეთი „ჩორორტ ინკნიშხანუტიუნ“. „ნორაირ თევანიანს, რომელიც წარმოშობით საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონიდან – ჯავახეთიდან, არის, თავისი წვლილი შეაქვს სომხეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მმართველი პარტიის – სომხეთის რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ“. გაზეთის ცნობით, თევანიანმა მითითება მისცა სომხეთში თავის თანამოღვაწეებს –აქტიურად იმუშაონ რესპუბლიკური პარტიისა და მაჟორიტარი კანდიდატების – არტაკ სარქისიანისა და არტურ სტეპანიანის – სასარგებლოდ. ამ დღეებში კანდიდატებმა ერევანში მცხოვრები ჯავახეთის სომხებისთვის ბანკეტები მოაწყვეს, რომლებზეც მათ სომხეთის რესპუბლიკური პარტიისათვის ხმის მიცემისკენ მოუწოდეს.

(აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმმა სომხეთში 2007  და 2008 წლებში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც იმუშავა. მაშინაც ნორაირ თევანიანმა, რომელიც სომხეთში შექმნილი საქართველოს სომეხთა ერთობის (სუბეთნიკური ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია სომხეთში მცხოვრები ჯავახეთის სომხების გაერთიანებისკენ) დამფუძნებელია, ჯავახეთის სომხებთან შეხვედრა მოაწყო და განკარგულება მისცა, რომ 2007 წელს მათ ხმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიისათვის მიეცათ, ხოლო 2008 წელს – რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატ სერჟ სარგსიანისთვის).

როგორც ადრე ადგილობრივი ექსპერტი გერბერტ სედრაქიანი წერდა, თევანიანი კარგადაა ცნობილი ავტორიტეტებს შორის მეტსახელით ნორიკ ახალალასკი. „მასთან აშკარა კონფრონტაციას ყველა ერიდება და რეპუტაციაც შესაბამისი აქვს. იგი, ასევე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მომხრე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მისი იდეების გამტარებელია“.

„როგორც ჩანს, სწორედ ამან მოხიბლა სააკაშვილი, როცა იგი ჯავახეთში დასაყრდენს ეძებდა. გათვლა ნათელია:  სომხებით დასახლებულ რეგიონში სიტუაციის სომხების ხელით კონტროლი. სააკაშვილისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან ისინი, მით უმეტეს, რომ პოლიტიკა – პოლიტიკად, მაგრამ არსებობს ფინანსური ინტერესებიც. თევანიანი აქაც „გუნდშია“. დიდი ხანია, ყველამ იცის, რომ მოსკოვში ის საგზაო ბიზნესითაა დაკავებული, და სააკაშვილთან მისი მეგობრობა ამას ხელს არ უშლის... თევანიანს დიდად უწყობს ხელს ჯავახეთში არსებული უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარებაც. იქ სომხებს სამუშაოს შოვნა ძალიან უჭირთ და ვითარების შეცვლაც არ შეუძლიათ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სააკაშვილისა და თევანიანის მიერ დანიშნული ხალხია, რომლებიც ნამდვილად არ არიან დაინტერესებული რეგიონის ეკონომიკის განვითარებით. გამოყოფილი სახსრების დიდი ნაწილი ადრესატამდე არ მიდის.

სააკაშვილმა თევანიანს სხვა ვალდებულებებიც დააკისრა. ესაა მსხვილი თანხების შეგროვება საქართველოს პრეზიდენტის საჭიროებებისათვის. ცხადია, თევანიანი ამ ფულსაც იმავე ჯავახელებისგან კრებდა, თითქოსდა „შენატანისათვის“, რომელიც საშუალებას მისცემდა სომხებს, ამის შემდეგაც მშვიდად ეცხოვრათ და ემუშავათ ჯავახეთში. საერთო ძალისხმევით სამი მილიონი ევრო შეიკრიბა, თუმცა რა თანხამ მიაღწია სააკაშვილამდე და რამდენი დაიტოვა თევანიანმა საშუამავლო მომსახურებისთვის, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თავად რეგიონში არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„რეგნუმის“ მასალების მიხედვით