პოლიტიკა
რუსეთის „ჯავახკის“ დიასპორა: „ჯონდო სომეხი ხალხის ძმაა!“

diaspora1თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ რუსეთის „ჯავახკის“ დიასპორის გუშინდელ განცხადებას:

რუსეთის ჯავახის დიასპორა აცხადებს

დღეს, 2012 წლის 24 აპრილს, როდესაც, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში ტარდება სამგლოვიარო ღონისძიებები სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციური პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდო ბაღათურიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი დააყენა.

რუსეთის „ჯავახკის“ დიასპორა მიესალმება საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ჯონდო ბაღათურიას გაბედულ ნაბიჯს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის დანარჩენ დეპუტატებს – მიჰბაძონ ამ სამართლიან და ვაჟკაცურ მაგალითს.

ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ შემოდგომაზე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აქტიურ აგიტაციას გაუწევს და მოუწოდებს ჯავახეთის სომხებს, აგრეთვე, საქართველოს სომხებს, ხმა მისცენ კანდიდატ ჯონდო ბაღათურიას, თუ, რა თქმა უნდა, ის თავის კანდიდატურას დააყენებს.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯონდო ბაღათურია ჩვენი დეპუტატია და ნებისმიერ მძიმე  წუთში ჩვენ მის გვერდით ვიდგებით. ხელები შორს პატიოსანი, დემოკრატიული და ვაჟკაცი დეპუტატის, სომეხი ხალხის მეგობრისა და ძმის ჯონდო ბაღათურიასაგან!

რუსეთის „ჯავახკის“ დიასპორა,

რუსეთი, აპრილი, 2012 წელი“