რედაქტორისგან
ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“

CHACIAბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე „საქართველო და მსოფლიოს“ ესაუბრება ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

ბატონო ალექსანდრე, თქვენ, ძალიან დიდი ხანია, არ გამოსულხართ ქართული პრესის ფურცლებზე. მეოთხე წელია, ჩვენი გაზეთი გამოდის და ეს პირველი ინტერვიუა თქვენთან. ბოლო დროს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, რომელთა თაობაზეც მკითხველს უთუოდ დააინტერესებს თქვენი აზრი, მით უმეტეს, რომ, როგორც წესი, თქვენი პოლიტიკური პროგნოზები მართლდება...

– ზუსტად ამიტომ აღარ ვაკეთებ პროგნოზებს – როდესაც ისინი აქტუალურია, მათ ყურს არავინ უგდებს, მაგრამ აღიარებენ მათ სიზუსტეს იმის შემდეგ, რაც ისინი რეალობად იქცევა. რა აზრი აქვს პროგნოზების კეთებას, თუ მათ არ ითვალისწინებენ...

ჩვენი ხელისუფლება ცნობილია იმით, რომ კვალიფიციური პროგნოზები და სამართლიანი შეფასებები მათ არ სჭირდებათ...

– საქმე მხოლოდ ხელისუფლებაში როდია. ჩვენი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და არ შეუძლია ერისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. საქმე ჩვენს საზოგადოებაშია, რომელიც აღარაა ერთიანი, მოაზროვნე ეროვნული ორგანიზმი. ასეთი საზოგადოება ადვილად ტყუვდება, ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას; მას აღარ შესწევს უნარი, ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების დამღუპველ პოლიტიკას, არ ძალუძს, ჩამოაყალიბოს აქტიური, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში სიტუაციის რეალურად შეცვლას.

დღეს საქართველოში ყალიბდება პოლიტიკური პარტია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში და, ასევე, იმედოვნებს სრულ გამარჯვებას. როგორ შეაფასებთ მის პერსპექტივას?

– იმისათვის, რომ საქართველოში დამაჯერებლად მოიგო საპარლამენტო არჩევნები, ანუ მიიღო ადგილების უმრავლესობა პარლამენტში, საჭიროა ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ლიდერის მაღალი პირადი ავტორიტეტი; სერიოზული ფინანსური სახსრები; ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროგრამა; უმწიკვლო წარსულის მქონე თანამოაზრეთა კვალიფიციური გუნდი, რომლის წევრებიც რეგიონებში ავტორიტეტით სარგებლობენ. პირველი ორი ფაქტორი ივანიშვილს გააჩნია, მაგრამ მესამე და მეოთხე არ ჩანს.

თქვენ თქვით, რომ ივანიშვილს არ აქვს ალტერნატიული პროგრამა. ალბათ, ის მასზე მუშაობს და საზოგადოებას არჩევნების წინ წარუდგენს...

– რა თქმა უნდა, წარუდგენს. მაგრამ, მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, მისი პროგრამა არ იქნება ალტერნატიული. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ლირიკულ დემაგოგიას „ქართული ოცნების“ შესახებ, მაშინ დანალექში ჩვენ დავინახავთ იმავე საბაზისო ორიენტირებს, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას ახასიათებს: ქვეყნის შიგნით – უკიდურესად ლიბერალური კაპიტალიზმის იგივე მოდელი, რომელიც კრახს განიცდის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით დამღუპველია მცირე ქვეყნებისთვის; საგარეო პოლიტიკაში – აშშ-ის სატელიტის როლი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ამერიკული ინტერესებისთვის ავღანეთში, მზადაა ირანთან საომრად, ნატოში შესასვლელად, ანუ საქართველოს გადააქცევს აშშ-ისა და თურქეთის სამხედრო პლაცდარმად, რაც ავტომატურად რუსეთისა და ირანის მტრად გვაქცევს.

მისი განცხადებებიდან არ ჩანს, როგორ ხედავს ის საქართველოს როლს და ფუნქციას თანამედროვე მსოფლიოში. შევარდნაძე გულახდილად აცხადებდა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ტრანზიტული დერეფნის როლი; სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს დანიშნულებაა, გახდეს სამოთხე ტურისტებისთვის. ორივე ფუნქცია ქართველი ერის მოსამსახურე პერსონალად გადაქცევას გულისხმობს, ამიტომ განადგურდა განათლების სისტემა, აკადემიური მეცნიერება, თეატრებში სტრიპტიზი იდგმება, ტელევიზიით პორნოგრაფიას აჩვენებენ და ა. შ. და ეს გასაგებიცაა: განათლება, მეცნიერება და კულტურა მოსამსახურე პერსონალს არ სჭირდება. მაგრამ როგორია საქართველო ივანიშვილის „ოცნებაში“? როგორია ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების მისეული სტრატეგია? ეს ჯერჯერობით გაუგებარია.

მეც, როგორც ბევრი სხვა საქართველოში, იმედიანად შევხვდი ივანიშვილის გამოსვლას პოლიტიკურ არენაზე, განსაკუთრებით, მისი განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ ის დიდხანს ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის, ყველაფერი გათვალა და მზადაა მძიმე ბრძოლისთვის. ეს იყო სერიოზული ადამიანის განცხადება, რაც თავისთავად იშვიათობაა ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანის ყიდვა შეუძლებელია. მაგრამ გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ჩამოყალიბებული პროგრამა მას არ აქვს, კადრები არ ჰყავს, მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ გააჩნია, საკუთარი მოქალაქეობის საკითხიც კი არ ჰქონდა წინასწარ მოგვარებული. როგორ გავიგოთ ეს?

კიდევ ერთი: მე ძალიან ვაფასებ გულახდილობას პოლიტიკაში. საერთოდ, ქართველებმა 20 წლის განმავლობაში იმდენი ტყუილი მოისმინეს შევარდნაძისგან, სააკაშვილისგან და მათი თანამზრახველებისგან, რომ გულახდილი და პატიოსანი სიტყვა სწყურიათ. ივანიშვილის პირველ გამოსვლაში იყო ეს მიმზიდველი გულახდილობა, მაგრამ შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ მის ხელში საქართველო შევა ნატოში და, ამასთან, აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს თითოეული ადამიანი, თუნდაც 3 კლასის განათლებით, ხვდება, რომ ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ. როდესაც 15 წლის წინათ მე ვწერდი, რომ შევარდნაძე გვატყუებს, როცა გვპირდება ერთდროულად აფხაზეთის დაბრუნებას და ნატოში გაწევრიანებას-მეთქი, ძალიან ბევრ ბრიყვ ადამიანს შევარდნაძის სჯეროდა. შემდეგ ეს ბრიყვები სააკაშვილს უჯერებდნენ, მაგრამ დღეს ასეთი სულელები, მგონი, აღარ არსებობენ. ყველა ხვდება, რომ ნატოში შესვლის მცდელობაც კი აბსოლუტურად გამორიცხავს საქართველოს აღდგენას იმ სახით, როგორიც ის შევარდნაძემდე იყო. ეს ივანიშვილსაც ესმის. მაშ, რა საჭიროა ასეთი დაპირებები?

იმავე კატეგორიას განეკუთვნება ივანიშვილის დაპირება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. როგორ უთანხმდება ეს იმას, რომ იგი სააკაშვილივით უარს ამბობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამდე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ანუ დიპურთიერთობები არ აღდგება არასოდეს? ხომ ნათელია, რომ დღეს არსებული რეალიები უნდა გავითვალისწინოთ და თვისობრივად ახალ საინტეგრაციო პროექტზე ვიმუშაოთ, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს. ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ სრულმასშტაბიანი დიალოგი დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე ვერ გაიმართება? მაშინ რისთვის გვპირდება ივანიშვილი ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან?

გარდა ამისა, მე უსიამოვნოდ განმაცვიფრა ივანიშვილის მიერ „საბჭოთა ოკუპაციის“ წლისთავის ირგვლივ გამართული ბაკქანალიის მხარდაჭერამ. საქმე ისაა, რომ ოკუპანტები არ აშენებენ უნივერსიტეტებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, ქარხნებსა და ფაბრიკებს, თეატრებსა და კულტურის სასახლეებს, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს, ოკუპანტების დროს არ იზრდება შობადობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი და არ მცირდება სიკვდილიანობა. ოკუპანტები ყველაფერს პირიქით აკეთებენ, სწორედ ისე, როგორც, ბოლო 20 წელია, „დამოუკიდებელ“ საქართველოში ვხედავთ. შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმმა მიზნად დაისახა, საქართველო სატრანსპორტო დერეფნად და ტურისტულ ბაზად ექცია, ხოლო ქართველებიმოსამსახურე პერსონალად: მზარეულების, ოფიციანტების, გუვერნანტკების, სტრიპტიზიორებისა და მეძავების ერად. ხოლოსაბჭოთა ოკუპანტილავრენტი ბერია მეორესაბჭოთა ოკუპანტის“ – იოსებ სტალინის, მხარდაჭერით სხვა ამოცანას ისახავდა: გადაექცია საქართველო განვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, ხოლო ქართველებიინჟინრებისა და აგრონომების, ექიმებისა და მასწავლებლების, მეცნიერებისა და მსახიობების ერად, და წარმოუდგენლად მოკლე ვადაში შეძლო კიდეც ეს.

თუ ჩვენ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნებით, გარე ძალების საამებლად უარს ვიტყვით ჩვენი ისტორიის ამა თუ იმ პერიოდზე, შავ საღებავს მივასხამთ ჩვენი წინაპრების ამა თუ იმ თაობას, ჩვენ არსებობას შევწყვეტთ, როგორც სრულფასოვანი ერი. ერი, უპირველეს ყოვლისა, არის ყველა თაობის ერთიანობა, რომელთაგან ყოველი ჩვენს პატივისცემას იმსახურებს. განსაკუთრებით, ეს საბჭოთა პერიოდში ჩვენი მამებისა და პაპების მოღვაწეობას ეხება. მათ ააშენეს საქართველო, ქართველები ერთიან ერად შეკრეს, დაგვიტოვეს ერთიანი, განვითარებული, კულტურული ქვეყანა განათლებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობით. ჩვენ შევარდნაძის, სააკაშვილისა და მათი ამერიკელი მრჩევლების ხელმძღვანელობით შევძელით, დაგვენგრია, გაგვეძარცვა და გაგვეყიდა ქვეყანა, ვაიძულეთ მოსახლეობის მესამედი, ემიგრაციაში წასულიყო, სხვები კი სიღარიბისთვის და მორალური გახრწნისთვის გავწირეთ. საბჭოთა პერიოდში საქართველო ქართული კულტურისა და ქართული ტრადიციების ქვეყანა იყო. სადაა დღეს ჩვენი ეროვნული კულტურა და ეროვნული ტრადიციები? სხვათა შორის, მმართველი კლასი, რომელიც დღეს საბჭოთა პერიოდს აფურთხებს, პირველ რიგში, სწორედ მას უნდა უმადლოდეს იმის გამო, რაც აქვთ: ისინი ხომ სწორედ იმის წყალობით გამდიდრდნენ, რომ მოიპარეს და გაყიდეს ის, რაც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

როგორ აფასებთ ივანიშვილის კოალიციის შემადგენლობას?

ივანიშვილს ჰქონდა ყველა შანსი, გამხდარიყო საერთო ეროვნული ოპოზიციური ლიდერი. ამისთვის არ იყო აუცილებელი არსებული პოლიტიკური პარტიების შემოერთება, რომელთა უმრავლესობა მოსახლეობის თვალში დისკრედიტირებულია. მეტიც, კოალიციაში ამა თუ იმ პარტიის ჩართვა ავტომატურად ართმევს ივანიშვილს ამ პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველს, ივანიშვილმა კი, სამწუხაროდ, მოახერხა მოკავშირეებად აერჩია ის პარტიები, რომელთაც ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავთ. საერთოდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ პარტიებისგან შემდგარ ბლოკებს ეფექტი არ მოაქვს არც არჩევნების მსვლელობისას და არც არჩევნების შემდეგ. პარლამენტში ეს ბლოკები იშლება, ყოველი პარტია იწყებს საკუთარ თამაშს და ხელისუფლებას ცალ-ცალკე ევაჭრება. გაიხსენეთ 1999 წელი, როდესაც წამყვანი ძალები შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი» და ასლან აბაშიძის «აღორძინება» იყო. ასლანის მხარეს იყო ფულიც და სახელისუფლო შესაძლებლობებიც, ასევე მოსახლეობის მძლავრი ოპოზიციური განწყობა. მე ვურჩევდი მას, დისკრედიტირებულ პარტიებთან კი არ შეექმნა ბლოკი, არამედ დაყრდნობოდა ფართო საპროტესტო ფენებს, საზოგადოებრივ სტრუქტურებს, შეეყვანა სიაში რეგიონული ელიტების ავტორიტეტული წარმომადგენლები. ეს ახალი რამ იყო პოლიტიკურ პრაქტიკაში, და ასლანმა ვერ გარისკა, არჩევანი პარტიათა ბლოკზე შეაჩერა. ბლოკმა «მოქალაქეთა კავშირთან» არჩევნები წააგო, შემდეგ, უკვე პარლამენტში დაიშალა რამდენიმე ფრაქციად და პოლიტიკაშიც ვერაფერი არსებითი ვერ გააკეთა. დღეს ის აღარავის ახსოვს.

ვფიქრობ, ივანიშვილის პოლიტიკური იმიჯი უფრო მიმზიდველი იქნებოდა, თუ არენაზე ახალ სახეებს გამოიყვანდა ქართული საზოგადოების ფართო ფენებიდან, რომლებიც თავიანთი წარსული საქმიანობით კომპრომეტირებული არ არიან. იგი ახალი ადამიანია პოლიტიკაში და ახალ ხალხთან ერთად უნდა მოსულიყო. მგონი, ხალხი ზუსტად ამას ელოდებოდა. თუ მას სათანადო კადრები არ ჰყავს, ანუ იგი არაა მზად დამოუკიდებელი პოლიტიკური მუშაობისთვის, როგორც ეს დღეს ჩანს, მაშინ ყველა უნდა გაეერთიანებინასრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო. მან აირჩია მესამე, ყველაზე ნაკლებეფექტიანი ვარიანტი.

რა შეგიძლიათ თქვათქართული ოცნებისპირად შემადგენლობაზე, რამდენად ეფექტიანია იგი?

– მათგან პირადად არავის ვიცნობ, ამიტომ არ შემიძლია ვიმსჯელო სავარაუდო ეფექტიანობის შესახებ მათი პირადი თვისებების მიხედვით. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ივანიშვილის ორგანიზაციული სტრუქტურების საქმიანობა უკმარისობის გრძნობას ტოვებს. მე ბევრად მეტს ველოდი. არჩევნებამდე, პრაქტიკულად, ნახევარი წელი დარჩა, მათ კი ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული წინასაარჩევნო პროგრამა, არც აქტიური სტრუქტურები ჰყავთ ადგილებზე. თქვენ გგონიათ, რეგიონებში, სოფლებში იციან, ვინაა ივანიშვილი და რა სურს მას? მოსახლეობის ძირითად ნაწილს უნდა მიეწოდოს ეს ინფორმაცია და ასევე უნდა აიხსნას, რითაა ივანიშვილი მოქმედ პრეზიდენტზე უკეთესი და რით განსხვავდება მისი პარტია «ნაციონალური მოძრაობისგან», მით უმეტეს, რომ მისი თანამებრძოლები სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილის თანამებრძოლები იყვნენ.

ყოველ, თუნდაც ყველაზე ნაკლებად პოპულარულ ხელისუფლებას არჩევნებზე 20-პროცენტიანი რესურსი აქვს, დღევანდელ ხელისუფლებას კი, მგონი, 30 პროცენტზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს. ივანიშვილს, როდესაც პირველი განცხადება გააკეთა, ელექტორალური მხარდაჭერა ძალიან მაღალი ჰქონდა – ალბათ, 25-30 პროცენტი. კოალიციის ფორმირების შემდეგ, რა თქმა უნდა, იგი შემცირდა, მაგრამ 20-პროცენტიანი ბაზა მას ყველა შემთხვევაში აქვს. დანარჩენისთვის უნდა იბრძოლონ. ბრძოლა კი არ ჩანს. ყველაზე საშიშია, რომ იგი შეიძლება თავისივე გარემოცვის მძევალი გახდეს, რომელიც დითირამბებს უმღერებს და დაარწმუნებს, რომ მასზე «სრულიად საქართველო» ლოცულობს. სრულიად საქართველო ღვთის წინაშეც კი არ ლოცულობს. თბილისელი მსახიობებისა და რეჟისორების აღფრთოვანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ერი ივანიშვილს უკვე უჭერს მხარს. აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილიც კარგი ბიზნესმენი, მეცენატი იყო და ასევე უყვარდა თბილისელ პუბლიკას, ეკლესიის მხარდაჭერაც კი ჰქონდა, მაგრამ არჩევნებზე, თუ არ ვცდები, ხმების 7 პროცენტი მიიღო.

მობილური ჯგუფების აქტიური მუშაობა დიდ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, სოფლებში, რეგიონული ინტელექტუალებისა და სოციალურად აქტიური მოქალაქეების გადმობირება, მუშაობა ქართველ ემიგრანტებთან რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში, იქ მხარდამჭერთა ჯგუფების შექმნა, ინტერნეტ სივრცის ათვისება, ბეჭდური პროპაგანდისტული პროდუქციის მასობრივი გამოშვებააი, რა არის დღეს საკეთებელი. ყველა ქალაქელს, ყველა გლეხს დეტალურად უნდა აუხსნან, რით განსხვავდება ივანიშვილი და მისი გუნდი სააკაშვილისგან და მისი გუნდისგან და რას გაუკეთებს ივანიშვილი ამ გლეხს ისეთს, რასაც სააკაშვილი ვერ გასწვდება. ამისთვის მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს 10-15 ძირითადი დებულება, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ მათ ხმა უნდა მისცენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ღრმად ეროვნულია, ძალუძს აღადგინოს და ააღორძინოს საქართველო, არ დაუშვას ერის გახრწნა, განავითაროს ტრადიციული კულტურა და ქვეყნის ისტორიული თვითმყოფადობა. მთავარია: ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ახალი ძალა სხვააალტერნატიულია, და იგი ქვეყანას სხვა გზით წაიყვანს.

რა თქმა უნდა, თუ ივანიშვილი დაწერს ამ პროგრამაში იმას, რომ განაგრძობს ლიბერალური კაპიტალიზმის მშენებლობას, ავღანეთში ბრძოლას, მზადაა, ებრძოლოს ირანს, შევა ნატოში, დიპლომატიურ ურთიერთობებსაც კი არ აღადგენს რუსეთთან, მაშინ კოალიციის წარმატება არჩევნებზე არც ისე ბევრით ასცდება მის ახლანდელ 20-პროცენტიან რეიტინგს. «მიშა 2» ან «ოდნავ უკეთესი» არავის სჭირდება. ასეთი პერსპექტივისთვის ადამიანები არ გარისკავენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფლიქტზე არ წავლენ, გაყალბებას არ შეებრძოლებიან.

ბევრს საქართველოში არ ესმის ბიძინა ივანიშვილისთვის ქუჩის აქციების მიუღებლობა. რით შეიძლება ეს აიხსნას?

– ამერიკელებს არ სურთ, დაუშვან, რომ მათ მიერ დანიშნული ხელისუფლება ხალხის აჯანყების გზით გადავარდეს. ეს მათი იმიჯისთვის მძიმე დარტყმა იქნება. მათ ის წარუმატებლობაც ეყოფათ, რომ იუშჩენკო უკრაინელმა ხალხმა გააძევა და «ოდნავ უკეთესი» ტიმოშენკო ხელისუფლებაში არ მიუშვა. თუ ამერიკელები ივანიშვილს ისევე აკონტროლებენ, როგორც მის პარტნიორებს კოალიციაში, მაშინ იგი არასოდეს მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. ეს გამორიცხულია.

ახლახან სოროსის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ემხრობა, თუნდაც აშშ-თან პარტნიორობის გაწყვეტის ფასად. ივანიშვილს არ შეუძლია ეს არ გაითვალისწინოს, თუმცა მაინც განაგრძობს აშკარად პროამერიკულ პოზიციაზე დგომას. რატომ? იქნებ ეს ერთგვარი შენიღბვაა, ამერიკული მხარდაჭერის მოპოვების სურვილი? მით უმეტეს, რომ, როგორც ამბობენ, ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ხელისუფლება იმასაც ამტკიცებს, რომ იგი «პუტინის პროექტია».

– ეს სისულელეა. რამდენადაც მე ვიცი, არც პუტინი და არც მედვედევი ივანიშვილს არ იცნობენ და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს არაფერი აქვთ საერთო მის საქმიანობასთან. საერთოდაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არანაირად არ მონაწილეობს. საქართველოში რაღაც პოლიტიკურ პროცესებს რუსეთი მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ავადმყოფურ წარმოსახვაში ხელმძღვანელობს. რეალურად ეს ასე არაა, რაც, სხვათა შორის, ცუდია საქართველოსთვის. აშშ-ის მხრიდან მონოპოლიურმა პატრონატმა ჩვეულებრივ კოლონიად გადაგვაქცია. მოუსმინეთ ქართველ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს: ყველა კამათობს იმაზე, თუ ვის მხარეს იქნება აშშ; ყველა ცდილობს, მოიპოვოს ამერიკის ელჩის კეთილგანწყობა, რამენაირად თავი მოაწონოს ვინმეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა მხრიდან წონიან ობამას ყოველ სიტყვას, წერენ უზარმაზარ სტატიებს, რომლებშიც მისი სიტყვების ინტერპრეტაციას ახდენენ თავის სასარგებლოდ. ეს სასაცილო და ამაზრზენია.

აშშ-ის მონოპოლიური გავლენა საქართველოზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე სრულ ბატონობად იქცა, რაც გვართმევს დიდი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთაზე ბალანსირების საშუალებას, მათი წინააღმდეგობების ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მსოფლიოში ცოტაა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები: აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, კუბა... ქვეყანათა უმრავლესობა, განსაკუთრებით პატარები, დამოკიდებულნი არიან დიდ სახელმწიფოებზე. მაგრამ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ გადაიკვეთება ოთხი გიგანტის  ინტერესები – აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის, ირანის. ჩვენ გვქონდა შანსი, ამ ინტერესების ბალანსზე სწორი პოლიტიკა აგვეგო. ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გადარჩენის გარანტია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და, უკვე 20 წელია, ერთი ძალის ხელში მარიონეტის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლის შედეგია ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება და საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია.

ამიტომ ბევრი თვლის, რომ არჩევნების შედეგი საქართველოში დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე, იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს ამერიკელები...

ეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის, უპირველეს ყოვლისა კი, მისი უმაღლესი ეშელონების კოლონიალურ ცნობიერებაზე მეტყველებს, მათთვის აუცილებელია გარეშე უფროსის ყოლა. თვით არჩევნებისთვის ამ ფაქტორს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირიქით, ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ძალიან მტკივნეულად რეაგირებს გარედან ჩარევაზე.

ამასთან დაკავშირებით შემიძლია შეგახსენოთ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც შევარდნაძის კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მაშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, რუსეთის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ ელცინის, პრემიერ ჩერნომირდინის, საგარეო საქმეთა მინისტრ კოზირევის, თავდაცვის მინისტრ გრაჩოვის სახით, უპრეცენდენტოდ თავხედური და უცერემონიო მხარდაჭერა გაუწიეს შევარდნაძეს – პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას, ხმა მიეცათ მისთვის. საბოლოო ჯამში, როგორც მოგეხსენებათ, თითქმის ყველა რეგიონში პატიაშვილმა ხმათა 60-70 პროცენტი მიიღო, ხოლო შევარდნაძემ – 20-25 პროცენტი, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პოლიციასა და  უშიშროებასთან ერთად, თავხედურად ამოატრიალა ციფრები, ცესკომ აკადემიკოს ი. კიღურაძის ხელმძღვანელობით კი შევარდნაძე ხმების 70%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა. მე მაშინ პატიაშვილის შტაბს ვხელმძღვანელობდი და კარგად მახსოვს ხალხის აღშფოთება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა არც გამოცდილება, არც ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ ადგილებზე ხმათა დაცვის უზრუნველყოფა მოგვეხდინა, შევწინააღმდეგებოდით ფალსიფიკაციის ტექნოლოგიებს, რომლებიც მაშინ ზურაბ ჟვანიას გუნდმა გამოცადა და შემდეგ წარმატებით იყენებდა ყველა მომავალ არჩევნებზე. მეტიც, ჩვენ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაგვიჭირა მხარი, ყველას ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან მოსული მითითებების დარღვევის ეშინოდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი, ეროვნულად ორიენტირებული პარტიები არ არსებობს.

ივანიშვილს თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა აქვს. მას გააჩნია ფინანსური შესაძლებლობები არჩევნების პროცესზე როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური კონტროლისთვის. გარდა ამისა, .. მსოფლიო თანამეგობრობა უკვე აღარ კონტროლდება მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ. რუსეთს, წამყვან ევროპულ ქვეყნებს და თურქეთსაც კი აქვს თავისი, განსაკუთრებული ხედვა საქართველოს მიმართ. ამიტომ მასობრივი გაყალბებები იარაღის ჟღარუნით, როგორც ამას ჟვანია და კვირაია აკეთებდნენ, დღეს შეუძლებელია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის კოალიციას ექნება ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის რეალური მხარდაჭერა. ეს კი ჯერჯერობით არ ჩანს.


ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავიკითხე თქვენი 2004 წლის გამოსვლა ევროპის პოლიტოლოგთა ფორუმზე, სადაც თქვენ ამტკიცებდით, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს, .. საქართველო ისწრაფვის იმ სტრუქტურაში, რომელიც სულ მალე აღარ იარსებებს?

– ევროკავშირი კიდეც რომ იყოს მდგრადი, პერსპექტიული ორგანიზაცია, საქართველოსთვის მისი კარი მაინც დახურული იქნებოდა. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი, ეს ყველა ადამიანს ესმის, ვინც გეოგრაფია იცის, გეოპოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების მიერ მოცემული პირობა, საქართველოს ევროკავშირში შეყვანის თაობაზე, თავიდანვე ბლეფი, მიმნდობი მოსახლეობის მოტყუება იყო. მაგრამ დღეს ეს იმდენად აბსურდულია, რომ მთავრობის ოდიოზური წარმომადგენლებიც კი ამჯობინებენ, არ განავრცონ ეს თემა – უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

ევროკავშირს, მხოლოდ «ძველ ევროპას» რომ მოიცავდეს,  შეეძლო საკმაოდ დიდხანს – კიდევ 20 წელი ეარსება და ეკონომიკურად განვითარებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა დაჟინებით მოითხოვეს ევროკავშირის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეყვანა, რათა ისინი რუსეთისთვის მოეწყვიტათ და ამავე დროს, ევროკავშირი დაესუსტებიათ, ამან კი საერთო ვითარება ძირეულად შეცვალა.  დღეს კავშირის წამყვან წევრებს – გერმანიას, საფრანგეთს ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკის მხარდაჭერა საკუთარი რესურსების ხარჯზე უწევთ. ის სახსრები, რომლებიც ტრადიციული, მაგრამ შედარებით ღარიბი ევროპული ქვეყნების (ესენია იტალია, საბერძნეთი ესპანეთი და სხვ.) ეკონომიკის მხარდასაჭერად იხარჯებოდა, ახლა კავშირის ათეულობით ახალ წევრ ქვეყანაზე იფანტება. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? გერმანელებს მობეზრდათ