თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. 26 მაისს თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმი გაიმართება. როგორც თბილისის მერიაში ჟურნალისტებს აცნობეს, აღლუმის ფარგლებში გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება – „ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში“ – საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.ინციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, რომელიც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს ელექტრომშენებელი ქარხნის თანამშრომლებს გააცნო.
„აღლუმზე გამოფენილი იქნება ყველა პროდუქტი გაერთიანებული ერთი ნიშნით – დამზადებულია საქართველოში. გვინდა, ყველა ადამიანმა, ყველა აქ ჩამოსულმა სტუმარმა ნახოს, რას აწარმოებს საქართველო. ეს, ერთი მხრივ, კარგია იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ნაწარმი; მეორე მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს, შევხედოთ, რაშია ჩვენი ნაკლოვანებები. გვინდა, 26 მაისს მთელმა საქართველომ ნახოს, რას აწარმოებს საქართველო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ქართული მრეწველობის აღლუმში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაინტერესებულ მოქმედ კომპანიას შეუძლია, რისთვისაც ისინი 10 მაისამდე თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.
ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის გარდა 26 მაისს თბილისში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებაც მოეწყობა.